03:32 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ემზარ კვიციანი

დისკრიმინაციული გამონათქვამი: ომბუდსმენი კვიციანს რეკომენდაციას აძლევს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
106 0 0

სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავსი მიდგომები ხელს უწყობს ქართული ენის არმცოდნე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საჯარო სივრციდან გარიყვას.

თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანს მოუწოდებს, რომ დაიცვას პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი და „მომავალში რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ დისკრიმინაცია არ წაახალისოს“, აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

საიას ინფორმაციით, ომბუდსმენმა ემზარ კვიციანს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს თავმჯდომარისა და შეიხის, მირტაგი ასადოვის საჩივრის საფუძველზე მიმართა.

კერძოდ, მირტაგი ასადოვის საჩივარში მითითებული იყო, რომ  2019 წლის 21 იანვარს ემზარ კვიციანმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მის მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამი გამოიყენა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ასადოვი სხდომაზე აზერბაიჯანულ ენაზე გამოვიდა სიტყვით, რომელსაც ქართულ ენაზე თარჯიმანი თარგმნიდა. სწორედ ამას მოჰყვა ემზარ კვიციანის რეპლიკა: „ვერ მოვისმინე ვინ ბრძანდება მაგი, ვერ გავიგე უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეა?“

„სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ წინადადებაში აღნიშნულია, რომ ემზარ კვიციანის გამონათქვამი ცალსახად იყო მინიშნება, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, რომელმაც არ იცის ქართული ენა, არა აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავსი მიდგომები ხელს უწყობს ქართული ენის არმცოდნე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საჯარო სივრციდან გარიყვას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ემზარ კვიციანის მიმართვა მირტაგი ასადოვისადმი ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევაა და მიმართავს დეპუტატს, რომ მომავალში არ წაახალისოს დისკრიმინაცია რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ.

 

მთავარი თემები