09:25 23 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
144 0 0

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე მიტინგის დაშლის დროს უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს, განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

საპროტესტო აქცია, რომელიც თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“, — განაცხადა კაციტაძემ.

პროკურორის განცხადებით, ის, რომ დაკავებულმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე, საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება.

„ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით“, – აღნიშნა პროკურორმა ბრიფინგზე. 

მისივე თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის გამოკითხულია ასეულობით პირი, მიმდინარეობს მოპოვებული ვიდეო-აუდიომტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები, მათ შორის სამართალდამცველთა მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

პროკურორის თქმით, საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საქართველოს გენერალური პროკურატურა მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოცემული საქმის ფარგლებში მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. დარჩა ერთადერთი მოთხოვნა – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. თავად მინისტრის თქმით, პოლიციელები იმ ღამეს ლეგიტიმურად მოქმედებდნენ და მათ საქართველოს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს. ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება დაადგენს.

მთავარი თემები