თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ავტომობილის მართვის მოწმობის მისაღებად თეორიულ გამოცდაზე დარეგისტრირება დღეიდან ელექტრონულადაა შესაძლებელი, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
„მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ელექტრონული რეგისტრაციის მსურველები სააგენტოს ვებ-გვერდზე sa.gov.ge ელექტრონულ განაცხადს შეავსებენ და იქვე აირჩევენ გამოცდის ჩასაბარებლად სასურველ დროსა და ქალაქს, ასევე გადაიხდიან სერვისის საფასურს.
უწყების ინფორმაციით, ონლაინ ფორმატში დარეგისტრირებული პირი თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს და წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი — SMS ან ელექტრონული ქვითარი.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2 41 91 91.