„ევროპის დღეები“ თბილისში: ღონისძიების გახსნას ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ

© photo: Tbilisi City Hall / FBევროპის დღეების გახსნის ცერემონია
ევროპის დღეების გახსნის ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროპის დღეები“ საქართველოში მაისის ბოლომდე გაგრძელდება და 80-მდე ღონისძიებას მოიცავს

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. თბილისში „ევროპის დღეების“ ოფიციალურად გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დაესწრნენ, აღნიშნულია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიების დაწყებამდე ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნები შესრულდა. რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პირველმა პირებმა მიმართეს.

„ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ყველას ეკუთვნის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროპის გზები ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო და, ყველაფრის მიუხედავად, შეინარჩუნა ევროპული კულტურა და ევროპასთან კავშირები.

„15 წლის წინ, როცა საქართველოში საფრანგეთის ელჩად ჩამოვედი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე სწარაფად გავივლიდით ამ გზას. ეს არ არის მარტივი, მაგრამ 15 წელში სამეზობლო პროგრამიდან პარტნიორობაზე გადავედით, პარტნიორობიდან - ასოცირებაზე, ასოცირებამ მოგვიტანა ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. ეს დიდი მიღწევაა!.. ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნების მთავარი მონაპოვარია, რომ ევროკავშირის შექმნის შემდეგ, ევროკავშირის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა. ჩვენი მისწრაფებაა - მეტი უსაფრთხოება, მეტი განვითარება, მეტი ეკონომიკური წინსვლა, მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისის მერმა ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება.

„პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ ხუთი წელი გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამ მხრივ ჩვენ უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა ყველაზე მთავარი - გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია, ამისთვის გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს. ჩვენ, ქართველები ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, კულტურით, ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპელები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპის მოედნის ტერიტორიაზე მოწყობილ „ევროსოფელში“ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანაა წარმოდგენილი. ისინი მნახველებს საკუთარ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას აცნობენ. ასევე, წარადგენენ საქართველოში განხორციელებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ. „ევროსოფელში“ საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

„ევროპის დღეები“, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება, მაისის ბოლომდე გაგრძელდება და 80-მდე ღონისძიებას მოიცავს. მათში მონაწილეობენ აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0