08:32 07 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4295
  • 100 RUB4.1547
  • USD3.1740
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში 2018 (251)
164 0 0

დედაქალაქის მცხოვრებლებს ონკოლოგიური დაავადებების ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა გაეზრდებათ

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თბილისი პირველი ქალაქია ევროპაში, რომელიც კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობის City Cancer Challenge წევრი გახდა, ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფონდი City Cancer Challenge კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირმა (UICC) 2017 წელს შექმნა. მისი მთავარი მიზანია წარმატებული ცდების გაზიარება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ინიციატივასთან შეერთება შეუძლიათ ქალაქებს, რომლებშიც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რომლებსაც სურვილი აქვთ, კიბოს მკურნალობის ხელმისაწვდომობა გააუმჯობესონ.

City Cancer Challenge-ის წევრობის წყალობით, ადგილობრივი, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობით კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება, მათ შორის, დალაგდება კონტაქტები ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამას გარდა, სპეციალისტები შეაფასებენ ონკოდაავადებულების საჭიროებებს და განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, რათა ამ დაავადებისგან განკურნების პროცესები ხარისხიანად მართონ.

„ასეთი წამოწყებების მიმართ ყოველთვის დადებითი დამოკიდებულება მაქვს, რადგან ისინი მიმართულია კიბოს დაავადებების პრევენციის, პაციენტების უფლებების დაცვისკენ, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისკენ. ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტებით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ და დავეხმარებით ონკოდაავადებულებს", - განაცხადა ორგანიზაციის „ევროპა დონა საქართველო" პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.

თბილისის ფონდ City Cancer Challenge-ში გაწევრიანების შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ზაზა ბოხუამ, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, საქართველოს პაციენტთა კავშირის ონკოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა ეკატერინე სანიკიძემ და City Cancer Challenge-ის გენერალურმა დირექტორმა სიუზან ჰენშლიმ.

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი დაავადების დაახლოებით ცხრა ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამჟამად სახელმწიფო საქართველოში აფინანსებს ონკოპაციენტების ქიმიოთერაპიით მკურნალობის 70%-ს, ჰორმონოთერაპიის ზოგიერთ ხარჯს, ასევე სხივურ თერაპიასა და ძვირად ღირებულ პრეპარატებს. თუმცა, არის ზოგიერთი სერვისი, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში 2018 (251)

მთავარი თემები