16:06 10 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0324
  • 100 RUB3.9852
  • USD2.6682
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში  ქართველმა ჯარისკაცებმა მაღაზიები გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
51910

სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მაღაზიაში მოპარული ნივთები მფლობელს დაუბრუნდა

თბილისი, 10 ოქტომბერი -Sputnik. ავღანეთში 9 ქართველმა სამხედრო მომსამსახურემ საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებული სავაჭრო ობიექტები გაქურდეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა მიმდინარე წლის 24 ივლისს მოხდა. უწყების ცნობით,  ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურებმა  საავიაციო ბაზა ბაგრამის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში სხვისი ნივთები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

„სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის 5 სამხედრო მოსამსახურე თავისუფალ დროს შევიდა მათ საცხოვრებელ ყაზარმასთან ახლოს არსებულ ე.წ. „PX“-ს ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 2952.29 აშშ დოლარის ღირებულების ნივთებს. იმავე დღეს, აღნიშნული პირები იგივე ბატალიონის სხვა 4 თანამზრახველთან ერთად იმავე ქსელის სხვა მაღაზიაში ასევე ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 3599.60 აშშ დოლარის ნივთებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მაღაზიაში მოპარული ნივთები მფლობელს დაუბრუნდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტრომ დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირებს მივლინება შეუწყვიტა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოში ვადაზე ადრე დააბრუნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე დღეს  იმსჯელა და 9-ვე სამხედრო მოსამსახურეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

9 სამხედრო მოსამსახურისთვის წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებს მოიცავს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, გამოძიება კვლავ გრძელდება.

„ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტის ხელმძღვანელობისა და პირადი შემადგენლობის მხრიდან მტკივნეულად იქნა აღქმული. ქართველი სამხედროების თავგანწირვა და ავტორიტეტი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამსახურებულად აღიარებული და დაფასებულია. ცალკეული პირების დანაშაულებრივი ქმედება კი არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ქართულ სამშვიდობო კონტინგენტთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოს არასაომარ სამშვიდობო მისიაში „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support)  მონაწილეობს და ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას და ოპერაციის რაიონის კონტროლს უზრუნველყოფს. მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 000 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის.


 

მთავარი თემები