01:06 17 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
სვეტიცხოველი

დღეს სვეტიცხოვლობაა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
92 0 0

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას — კვართის დღესასწაულს და თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს ზეიმობს.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას, ტრადიციისამებრ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს, წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

სვეტიცხოვლობა საქართველოში წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება. ის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია.

მართლმადიდებლური ეკლესია 13 ივლისს კვართის დღესასწაულსა და თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

სვეტიცხოველი მცხეთაში უძველესი ტაძარია, რომელიც 1010-1029 წლებში მე-4 საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. ასეთი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია XV-XVII საუკუნეებში ჩატარდა.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.

Верующие в храме Светицховели
© Sputnik / Alexander Imedashvili
სვეტიცხოველში

მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე-11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.

მთავარი თემები