თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. „მცირე მთავრობის" კონცეფცია ორ წელიწადში საბიუჯეტო სახსრების 250 მილიონი ლარის ეკონომიას მოგვცემს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" ლევან გოგიჩაიშვილმა.
„მცირე მთავრობის" კონცეფციის თანახმად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში უნდა იყოს 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი.
„ორი წლის განმავლობაში დაიზოგება დაახლოებით 250 მილიონ ლარამდე… ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების განსახორციელებლად, რომლებიც დღეს ძალიან გვჭირდება. დაზოგილი თანხა მიზნობრივად წავა იმ ოჯახებში, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები", — განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით დაამტკიცა 116 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი ქვეყნის მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ.
ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მათი განცხადებით, ამის მიზეზია ის, რომ კონცეფციაში არ არის მითითებული, კონკრეტულად როგორ იქნება თანხის ეკონომია გაწეული.
უწყებების ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია დაიწყება შესწორებების ამოქმედებიდან სამ თვეში. ეს დაახლოებით ოქტომბერში მოხდება — 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ჩამოყალიბების პროცესში.
ძირითადი შესწორებები შევა კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ". კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას ახალი სამინისტრო — განათლების, კულტურისა და სპორტის, რომელიც შეითავსებს ამჟამად არსებული ორი უწყების — განათლებისა და მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროების ფუნქციებს.
კიდევ ერთი ცვლილება შეეხება იუსტიციის სამინისტროს — მას შეუერთდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. იუსტიციის სამინისტროში შეიქმნება სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელიც ამ სამინისტროს ფუნქციებს შეასრულებს.
ამას გარდა, გაჩნდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც შეითავსებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციების ნაწილს. ფუნქციების ნაწილის შესრულება კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეკისრება.
ფუნქციები, რომლებიც ეხება მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის საკითხებს, გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო რეპატრიაციის საკითხებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეითავსებს.
რეფორმა შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც. სივრცობრივი განვითარების საკითხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოვალეობაში გადავა.
ამასთან იმ სამინისტროებისთვის განკუთვნილ დაფინანსებას, რომელთა გაუქმებაც არის დაგეგმილი, 2018 წლის ბოლომდე მიიღებენ ის სამინისტროები, რომლებიც მათ ფუნქციებს შეითავსებენ.