თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლებები ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას აპირებენ, თუმცა შესაბამისი დოკუმენტის გასაფორმებლად მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა ტიგრან ბალაიანმა პრესკონფერენციაზე.
ფაშინიანი საქართველოში მოიწვიეს>>>
ამ ფორმით შეაფასა ბალაიანმა სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც 30–31 მაისს შედგა. პრესკონფერენციის დროს ბალაიანმა უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება.
„ნათელი იყო (ვიზიტის დროს – რედ.), რომ ჩვენთანაც და საქართველოშიც უბრალო მიდგომაა – მაქსიმუმი გაკეთდეს იმისთვის, რათა ორ ქვეყანას და ხალხებს შორის თბილი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს. როგორი ფორმის დოკუმენტი ან ფორმულირება ექნება ამას, გავაფორმებთ თუ არა ახალ შეთანხმებას – ეს უკვე შესაძლებლობების საკითხია“, – განაცხადა ბალაიანმა.
მისი სიტყვებით, მსგავსი დოკუმენტის გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.
„დიპლომატია – შესაძლებლობების ხელოვნებაა. აღნიშნულ მომენტში ახალი დიდი შეთანხმების გაფორმებისთვის მუშაობა არ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მსგავსი სამუშაო ჩატარდეს“, – დაასკვნა მან.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მხარეები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ვაჭრობის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.
გარდა ამისა, საქართველო სომხეთის მოქალაქეებისთვის დასვენების პოპულარული ადგილია.