თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. თბილისში 5–6 მაისს გაიმართება რიგით მეორე „მწვანე გამოფენა“ – GreenExpo, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მებაღეობის, ლანდშაფტის დიზაინისა და გამწვანების ექსპოზიციები, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოფენა–გაყიდვა თბილისის ბოტანიკური ბაღის ე. წ. ახალ დეკორატიულ სივრცეში მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში ამ სფეროში მომუშავე კომპანიები და ორგანიზაციები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის წარმოდგენას, მომხმარებლის მოზიდვასა და ბიზნეს–კონტაქტების დამყარებას.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები თემებზე: დეკორატიულ მებაღეობა, ბაღის მოწყობის თანამედროვე ტენდენციები, ვარდები და იასამნები.
პროექტის მიზანია საქართველოში არსებულ ბოტანიკურ ბაღებს, პარკებს, სანერგეებსა და ყვავილების სალონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ეს, ორგანიზატორების აზრით, ხელს შეუწყობს საბაღე კულტურის განვითარებას.
თბილისის ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები.
დღეისთვის, ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილი წავკისისწყლის ხეობაა. იგი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში შედის.