ფიზიკურ პირებს ქართული სანელებლების დამზადება და გაყიდვა აეკრძალათ

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული სუნელები ბაზარში
ქართული სუნელები ბაზარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ზოგიერთ სანელებელში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, ხელისუფლებამ პროდუქციის ხარისხის გაკონტროლება გადაწყვიტა

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ფიზიკურ პირებს სუნელებისა და სანელებლების წარმოება და რეალიზაცია აეკრძალათ, ნათქვამია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

შეზღუდვების მიზანია მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ამოქმედებულია ქართულ ბაზარზე სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და განთავსებასთან დაკავშირებული რისკების მართვის დროებითი ზომები. დროებითი ზომების ვადაა ორი წელი.

ფიზიკურ პირებს სუნელებისა და სანელებლების გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მას პირდაპირ მყიდველის თვალწინ დაამზადებენ.

წიწაკის ნაირსახეობები - Sputnik საქართველო
ცხარე სანელებლები, რომლებიც საქართველოში ევროპაზე ადრე დააგემოვნეს

რაც შეეხება კომპანიებს, მათ პროდუქციის გატანა ბაზარზე შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სპეციალურად შეფუთავენ, დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ეტიკეტირების წესებს. ეს ეფექტური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას დაეხმარება.

ამ შეზღუდვების ამოქმედება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა 2017 წელს ლაბორატორიულად შეისწავლეს ქართული სანელებლების 187 ნიმუში, აქედან 33 შემთხვევაში (18%) ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა

დარღვევები ძირითადად (88%) დაფიქსირდა ფიზიკური პირების მიერ კუსტარულ პირობებში დამზადებულ სუნელებსა და სანელებლებში. ისინი არ იყვნენ დარეგისტრირებული და, შესაბამისად, მათ არავინ ამოწმებდა.

სახელმწიფო კონტროლის დროს იყო შემთხვევები, როდესაც სანელებლების დამზადებისას იყენებდნენ კომპონენტებს, რომლებიც კვების პროდუქტისთვის არ არის განკუთვნილი.

რაც შეეხება ტყვიას, ის მცირე რაოდენობით ადამიანის ორგანიზმს არ ვნებს, თუმცა მისი მაღალი შემცველობა სისხლში და თან დიდი ხნის განმავლობაში — ორგანიზმს წამლავს.

ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0