05:48 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოში აზიურ ფაროსანას ავიაციის დახმარებით ებრძვიან

საქართველოში აზიურ ფაროსანას ავიაციის დახმარებით ებრძვიან

© FB / National Food Agency
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საფრთხე - აზიური ფაროსანა საქართველოში (18)
83 0 0

ამ დროისთვის ავიაციის დახმარებით 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული, სადაც აზიური ფაროსანას პოპულაცია შეიმჩნეოდა.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ქართული ავიაცია ჩაერთო, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა სრული მობილიზებით მიმდინარეობს, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც კარგად ჩანს, რომ მავნებელმა არა მარტო ბაღები, არამედ საცხოვრებელი სახლებიც გაავსო.

მთავრობის გადაწყვეტილებით სამეგრელო — ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში 20 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მასივები ავიაციის საშუალებით მუშავდება.

ტერიტორიების დამუშავების დაწყებამდე შესაბამისმა სამსახურებმა ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილეს, რათა მათ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქონელი არ გაუშვან.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა იმ რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება, რომლებიც უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით მომზადდა.

სამოქმედო გეგმის თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო საკარმოდამო ნაკვეთებისა და დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტერიტორიის ქიმიურ დამუშავებას ივნისიდან ატარებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ დიდ მასივებში პარაზიტის პოპულაცია გაიზარდა, პროცესში ავიაციის ჩართვაც გახდა საჭირო.

ამასთან, კვლავ მიმდინარეობს მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები ავიაციისთვის მიუდგომელ ადგილებში, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სპეციალური ტექნიკით ცდილობენ ტერიტორიების დამუშავებას.

ამ დროისთვის 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

მანამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

ხელისუფლება დაგეგმილ ღონისძიებებს წლის ბოლომდე გააგრძელებს, ვიდრე მავნებელი ძილს არ მიეცემა.

საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში 12 მილიონი ლარი გამოყო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომელიც დასავლეთ საქართველოში მასიურად პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მასობრივი გამრავლების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას ვაშლის, ატმის, ყურძნის, კენკროვანებისა და თხილის მოსავლის 70%-მდე განადგურება შეუძლია.

მანამდე "Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მკითხველს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები გაუზიარა და ადგილობრივ ფერმერებს რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.

თემები:
საფრთხე - აზიური ფაროსანა საქართველოში (18)

მთავარი თემები