მარიამი: სახელის ისტორია, 109 540 მარიამი და ცნობილი ქართველი მარიამები

© Sputnik / Levan Avlabreliგოგონები თბილისობის დღესასწაულზე
გოგონები თბილისობის დღესასწაულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამი — არამეული წარმოშობის საკუთარი სახელია და რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ესენია „შეუპოვარი“, „დაუმორჩილებელი“, „უარმყოფელი“, „მწარე“, „ქალბატონი“, „საყვარელი უფლისა“, რომელთაგან ყველაზე სარწმუნო პირველია.

სახელი უძველესი დროიდან გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ერქვა და ეს სახელი საქართველოში წლებია პოპულარობას არ კარგავს.

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს — მარიამობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „Sputnik საქართველო“ დაინტერესდა დღევანდელი მდგომარეობით რამდენი მარიამი ცხოვრობს საქართველოში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისთვის საქართველოში 109 540 მარიამი ცხოვრობს.

თანამედროვე საქართველოში ამ სახელის მატარებელთა შორის არა ერთი წარმატებული მარიამია, წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

© FB/სერგო ვარდოსანიძემარიამ ლორთქიფანიძე
მარიამ ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
მარიამ ლორთქიფანიძე

მარიამ ლორთქიფანიძე — ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი.  დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს, ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა — „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.

გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.1993 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი. ასევე არის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ივანე ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა „მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000“. მისი ძმა გახლავთ რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე.

© FB/Mariam Jologuaმარიამ ჯოლოგუა
მარიამ ჯოლოგუა - Sputnik საქართველო
მარიამ ჯოლოგუა

მარიამ ჯოლოგუა — მსახიობი. დაიბადა  1980 წელს ქალაქ თბილისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ დარგთა ფაკულტეტი, ტელე-კინო რეჟისურის სპეციალობა. 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის  მაგისტრის ხარისხით. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი.

მარიამ ჯოლოგულა ქართველმა მაყურებელმა სერია „შუა ქალაქიდან“გაიცნო. წლების განმავლობაში მსახიობი თამაშობს თავისუფალ თეატრში, ასევე კოტე მარჯანიშვილს სახელობის თეატრში. 

© FB/მარიამ ბოკერია / Mariam Bokeriaმარიამ ბოკერია
მარიამ ბოკერია - Sputnik საქართველო
მარიამ ბოკერია

მარიამ ბოკერია- ახალგაზრდა მსახიობი. იგი 1998 წლის 2 მაისს დაიბადა ქალაქ თბილისში. მისი პირველი ფილმი „გრძელი ნათელი დღეებია“ სადაც მარიამი მთავარ როლს ასრულებს.  ის სწორედ ამ როლით გაიცნო და შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა. ფილმმა გამოსვლისთანავე  დიდი პოპულარობა და წარმატებები მოიპოვა. აღებული აქვს  უამრავი ჯილდო, მათ შორის პარიზის კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. 2014 წელს კი იგი ოსკარზე იქნება წარდგენილი.

მარიამ როინიშვილი — ქართველი სოპრანო. დაიბადა1989 წლის 9 დეკემბერს. მარიამი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის და მსახიობ გია როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლებშიც. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკო ჭოხონელიძეს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. ამან დიდი გავლენა იქონია მარიამის შემდგომ ცხოვრებაზე.

© FB/Mariam Tsiklauriმარიამ წიკლაური
მარიამ წიკლაური - Sputnik საქართველო
მარიამ წიკლაური

მარიამ წიკლაური — ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატი. დაიბადა თბილისში,  1960 წლის 18 მარტს.  1983  წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ქიმიის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. რადიო „ივერიაში“ უძღვება ორ საავტორო გადაცემას: „საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე“ და ლიტერატურული სალონი „ერთი საათი“. მუშაობდა კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ კურატორად. არის საერთაშორისო საგნმანათლებლო-ლიტერატურული პროექტების და ლიტერატურული ფესტივალების მონაწილე.

მარიამ წიკლაური არის „საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის — ლიბოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი.

მარიამ წიკლაური არის ავტორი „ქართველი პოეტი ქალების“ ქართულ-ინგლისური ანთოლოგიისა, სადაც შესულია 32 ქართველი პოეტი ქალის ლექსები. ასევე არის გამომცემლობა „საუნჯის“ პროექტის „ბიბას“ („ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის“) ავტორი და ხელმძღვანელი. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი ლექსები თარგმნილია ლიტვურ, ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, იტალიურ, რუსულ, სომხურ, ჩეხურ, სლოვაკურ, პოლონურ ენებზე.

თავადაც მრავალი მთარგმნელობითი პროექტის მონაწილეა. თარგმნილი აქვს: ბერძნული, ჩინური, ნორვეგიული, ლიტვური, რუსული, ინგლისური, პოლონური, უკრაინული პოეზიის არაერთი ნიმუში.

მარიამ ბიბილური — ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერალი. Mariami — სწორედ ამ სახელით მოღვაწეობს ქართველი მომღერალი, მარიამ ბიბილური, ამერიკაში. დაიბადა 1988 წელს, თბილისში. მისი ბაბუა, შოთა ბიბილური, სუხიშვილების ანსამბლის პირველი მუსიკალური ხელმძღვანელი იყო და 60-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე ანსამბლში მოღვაწეობდა. მოგვიანებით, ამერიკაში გამგზავრებამდე, რეზო ჭეიშვილის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლში ასწავლიდა. შესაბამისად, მარიამი პატარა ასაკიდან მიეჩვია ქართულ საკრავებთან ურთიერთობას და ხალხურმა სიმღერამაც სწორედ ამ ასაკიდან მოახდინა გავლენა მის შემოქმედებაზე.

ამერიკაში მარიამი ექვსი წლის ასაკში გაემგზავრა. მისმა ოჯახმა საქართველო 1990-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს დატოვა. ამერიკაში პირველად მშობლები წავიდნენ, ხოლო, ერთი წლის შემდეგ, ბაბუასთან ერთად, მათ მარიამიც შეუერთდა. გაიზარდა ვერმონტის შტატში, მთაში, კანადასთან ახლოს. რვა წლის ასაკიდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, მღეროდა და ცეკვავდა. მონაწილეობდა მიუზიკლებსა და სხვადასხვა თეატრალურ დადგმებში, ესწრებოდა თეატრალურ წარმოდგენებსა და სხვადასხვა შეხვედრებს ნიუ-იორკის კონსერვატორიაში (ძირითადად, ზაფხულის პერიოდში). შემდეგ მიუზიკლის მსახიობი უნდოდა გამხდარიყო და ბოსტონის „ემერსონის“ კოლეჯში ჩააბარა — კულტურათა კვეთის წარმოდგენითი ხელოვნების განხრით. 100 სტუდენტიდან 20 შეარჩიეს და მათ შორის, მარიამიც. მაგრამ მალე აზრები შეეცვალა და საკუთარი, ორიგინალური სიმღერების დაწერა მოუნდა. შემდეგ თეატრალური ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა და თეატრმცოდნეობის ხარისხიც მიიღო. პარალელურად, აქტიურად მოღვაწეობდა სხვადასხვა მუსიკალურ ბენდებთან.

მარიამმა  მუსიკალური განათლება ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში მიიღო. განათლებამ და საქართველოში მოგზაურობამ მარიამს მისცა შესაძლებლობა, რომ საკუთარი მსმენელისათვის შეეთავაზებინა სრულიად განსხვავებული სტილი, რომელიც ჯაზის სოულისა და ფოკლკლორის ნაზავია.

მარიამ ბიბილურის სიმღერები ამერიკულ რადიო-სადგურებში უკვე დიდი ხანია ტრიალებს. 2016 წლის იანვარში მან პირველად გამართა სოლო-კონცერტი პრესტიჟულ ბრუკლინის მუსიკის აკადემიაში თავის ხუთ-კაციან ბენდთან ერთად. “მოიყვანეთ მეგობრები, დასწრება უფასოა, არ შეგეშინდეთ ქარბუქის, და თუ წასასვლელი არ გაქვთ, შემდეგ ყველას ჩემს სახლში დაგტოვებთ”- ასე მიმართავდა ფეისბუქით მარიამი კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მისი მუსიკის ნაცნობ თუ უცნობ თავყვანისმცემლებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0