იწყება ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაცია

© ourtesy of Giorgi Kvirikashviliნიკორწმინდა
ნიკორწმინდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს დაიწყება ნიკორწმინდის ტაძრის ქვის ფასადის, სამრეკლოსა და კედლის მხატვრობის რესტავრაცია, ხოლო სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოში იწყება ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის — XI საუკუნის ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაცია, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქართველოში 2013-2016 წლებში კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის 450-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა.

„2017 წელს დაიწყება ნიკორწმინდის ტაძრის ქვის ფასადის, სამრეკლოსა და კედლის მხატვრობის რესტავრაცია, ხოლო სრული რეაბილიტაცია დასრულდება 2018 წელს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკორწმინდა რაჭის რეგიონში ერთადერთი ტაძარია, რომელიც საქართველოს ოქროს ხანაში, 1010-1014 წლებში, ბაგრატ III-ის მეფობის დროსა აგებული. კედლის მხატვრობა XVI—XVII საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის ფასადი ძალიან მდიდარია ჩუქურთმებით, ნიკორწმინდის დეკორი ულამაზესია ქართულ ეკლესიებს შორის.

ნიკორწმინდის ტაძარი წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესაყვანად.

საინტერესო ფაქტი: 2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები – ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები.

 

ყველა ახალი ამბავი
0