თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. მოდელი საქართველოდან თათია ახალაია მსოფლიოში ცნობილი იტალიური მოდის სახლ Dolche & Gabbana-ს ქალის კოლექციის Alta Moda 2017-ის დახურული ჩვენების მონაწილე გახდა.
შოუ Dolce & Gabbana Alta Moda, ტრადიციულად, ყოველთვის საიდუმლოებით მოცული მოვლენაა. მიწვეულთა სიაში მხოლოდ რჩეული და ერთგული კლიენტები, სახლის მეგობრები და პრესის რამდენიმე წარმომადგენელი არიან. არც ლუკბუკები, არც გადაღებები — ყველაფერი მკაცრად გასაიდუმლოებულია.
წელს დიზაინერებმა ჩვენების გამართვა დომენიკო დოლჩეს მშობლიურ ქალაქ პალერმოში გადაწყვიტეს.
შოუ პიაცა პრეტორიას ისტორიულ მოედანზე, ამავე სახელწოდების მე-16 საუკუნის შადრევნის გვერდით გაიმართა, რომელიც გარშემორტყმულია მარმარილოს ქანდაკებებით. პოდიუმი სწორედ აქ განათავსეს. ჩვენებაზე მთელი მსოფლიოდან 400-ზე მეტი სტუმარი შეიკრიბა.
კოლექცია დეკორაციების მასშტაბებს შეესაბამებოდა. დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ სხვადასხვა შეფერილობის, სილუეტისა და სიგრძის 126 მდიდრული კაბა წარმოადგინეს.
კოლექციის მთავარი მოტივი სიცილიური ფოლკლორი გახდა: ხატები, ძველებური სურათების გამოსახულებები, ორნამენტები, ყვავილოვანი აპლიკაციები და ტალღოვანი სახე. დიზაინერებმა ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა, ეჩვენებინათ მათი სამშობლოს მთელი ისტორია — შექმნეს სამოსი, რომლებიც გვაგონებს ჰერცოგინიების, ფლამენკოს მოცეკვავეებისა და 50-იანი წლების იტალიური კინოს მსახიობების ტანსაცმელს.
დახურული შოუს დროს შესაძლებელი იყო კაბის მაშინვე შეკვეთა, სიამოვნების ფასი — ასეულობით ათასი აშშ დოლარი.
წინა ჩვენებისგან განსხვავებით ახალ კოლექციაში წარმოდგენილი იყო უფრო მეტი ყოველდღიურად სატარებელი სამოსი – სპორტული შარვლები, ბლუზები ფართო სახელოებითა და სხვადასხვა ფერის ქვებით მორთული ტოპები.
Dolche & Gabbana-ს ჩვენება გრანდიოზული საკარნავალო საღამოთი დასრულდა ცეკვებით, მუსიკოსების გამოსვლებით, ბაზრობითა და ფოიერვერკით.
თათია ახალაია შოუზე Dolche & Gabbana Alta Moda 2017 წარდგა ლამაზი მწვანე, წელში გამოყვანილი კაბით, გაშვებული თმით, ბუმბულითა და ქვებით მორთული თავსაბურავითა და დახვეწილი გრძელი საყურით. ვიდეო დახურული ჩვენებიდან თათიამ Instagram-ზე თავის გვერდზე გამოაქვეყნა.
თათია ახალაია 21 წლისაა. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. ამჟამად თანამშრომლობს სააგენტო IC Models Management-თან, ასევე სხვადასხვა სააგენტოსთან მილანში.
მისი, როგორც მოდელის კარიერა ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც გაიმარჯვა მოდელების საერთაშორისო კონკურს Elit Model Look-ში მონაწილეობისთვის გამართულ ქართულ ეროვნულ შესარჩევ კონკურსში. მალე მისთვის მილანისა და პარიზის სამოდელო სააგენტოების კარი გაიხსნა. თათიამ უკვე მიიღო მონაწილეობა მილანისა და პარიზის მოდის კვირეულებში.