07:04 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
6110

ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმმა "მანდარინები" მიიღო პრემია San Fedele, რომელიც თავის დროზე ლეგენდარულ ფედერიკო ფელინის გადაეცა.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. იტალიელმა მაყურებელმა ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები" წლის საუკეთესო ფილმად აღიარა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

„ოსკარისა" და „გლობუსის" პრემიების ნომინანტი ფილმი "მანდარინები" კიდევ ერთი პრესტიჟული პრემიის — San Fedele-ს მფლობელი გახდა, რომელიც წელს 61-ედ გაიცა.

იტალია მსოფლიოს მასშტაბით წლის საუკეთესო ფილმს 1956 წლიდან ირჩევს და პრემიას მის ავტორს ანიჭებს. გამოკითხვაში ჩართული არიან კინოკრიტიკოსები და კულტურული სფეროს წარმომადგენლები, ასევე რიგითი მაყურებლები. გამარჯვებული კი წელიწადში მხოლოდ ერთი კონკრეტული ფილმი ხდება.

არსებობის მანძილზე San Fedele-ს პრემია ისეთ გამოჩენილ კინორეჟისორებს აქვთ მიღებული, როგორებიც არიან ფედერიკო ფელინი, ფრანჩესკო როსი, პიერ პაოლო პაზოლინი, ინგმარ ბერგმანი, მილოშ ფორმანი, აკირა კუროსავა, რობერტო ბენინი, პედრო ალმადოვარი, სტივენ სპილბერგი და სხვა.

„ზაზა ურუშაძე მილანშია მიწვეული, სადაც, როგორც საპატიო სტუმარს და პრემიის ლაურეატს, San Fedele-ს კინოთეატრში ცნობილი იტალიელი სკულპტორის Mimmo Paladino-ს მიერ შექმნილ სკულპტურას გადასცემენ", — ნათქვამია საქართველოს კინოცენტრის განცხადებაში.

„მანდარინები" ერთობლივი ქართულ-ესტონური ნამუშევარია, რომელიც 2013 წელსაა გადაღებული და რომელმაც საერთაშორისო ფესტივალების 15-ზე მეტი ჯილდო მიიღო.

ფილმის მოქმედება ხდება 1992 წელს აფხაზეთში, პატარა სოფელში, სადაც ადრე ესტონელები ცხოვრობდნენ. ომის დაწყებისთანავე მოსახლეობის უმრავლესობა ტოვებს სოფელს. სოფელში რჩებიან მანდარინების ბაღის პატრონი მარკუსი, ექიმი იუჰანი და ყუთების საამქროს მფლობელი ივო. ომი მათ სახლებში შემოაღწევს. ბრძოლის შემდეგ შეიარაღებული ფორმირებები უკან იხევენ, ადგილზე ბევრი დაღუპული რჩება.

გადარჩენილების ძებნისას მარკუსი და ივო აღმოაჩენენ დაჭრილ ჩეჩენ დაქირავებულ მებრძოლს — აჰმედს, რომელიც აფხაზების მხარეზე იბრძოდა. შემდეგ იპოვიან ახალგაზრდა ქართველ მებრძოლს ნიკას, რომელიც ასევე დაჭრილია. ესტონელები მათ პირველ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ და ივოს სახლში დააბინავებენ. ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდება ორი ადამიანი, რომლებიც ახლახან ერთმანეთის მტრები იყვნენ.

ფილმი „მანდარინები" ესტონეთის სახელით 2015 წელს „ოსკარზე" იყო ნომინირებული კატეგორიაში "საუკეთესო ფილმი უცხოურ ენაზე". 2016 წელს ზაზა ურუშაძის ფილმი ანტონიო გაუდის პრემიის მფლობელი გახდა ნომინაციაში „საუკეთესი ევროპული ფილმი".

მთავარი თემები