თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) პრემია „მოდის ოსკარის" მფლობელი გახდა.
დაჯილდოების ცერემონია ნიუ–იორკში გაიმართა, სადაც გვასალიას „საუკეთესო უცხოელი დიზაინერი" უწოდეს.
გვასალიას ახლდნენ ძმა გურამი და აფრიკული წარმოშობის ინგლისელი ტოპ–მოდელი ალეკ ვეკი, რომელიც Balenciaga-ს სახეა. დიზაინერი Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია. სწორედ ალეკ ვეკმა წარმოთქვა შესავალი სიტყვა, გვასალია სცენაზე მიიწვია და მას მცირე ქანდაკება გადასცა.
გვასალიამ მადლობა გადაუხადა თავის გუნდს, ძმასა და ბებიას, რომელმაც ასწავლა მას ლამაზი ნივთების სიყვარული. მისი თქმით, მას ყოველთვის უყვარდა ტანსაცმელი, მისი გადასხვაფერება, მაგრამ ბავშვობაში ვერც კი წარმოედგინა, რომ არსებობდა ისეთი პროფესია, როგორიც დიზაინერია.
გვასალიამ თავისი ჯილდო ბებიას მიუძღვნა და თავისი გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: „ეს შენთვის, ნორა".
„მოდის ოსკარის" გადაცემის ცერემონია პირველად 1984 წელს ჩატარდა. მას შემდეგ ის ნიუ–იორკში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულს დიზაინერთა – CFD-ს წევრების, რედაქტორების, სტილისტებისა და ბაიერების კენჭისყრით ირჩევენ.
დემნა გვასალია მოდის სამყაროში დიდი ხანია მოღვაწეობს. ქართველი დიზაინერი ნატიფი ხელოვნების ანტვერპენის სამეფო აკადემიის (Royal Academy of Fine Arts (Antwerp) კურსდამთავრებულია. 2009 წლიდან მუშაობდა ფრანგულ მოდის სახლ Maison Margiela-ში, სადაც ქალის კოლექციებს ქმნიდა. 2013 წლიდან კი Louis Vuitton-ში გადავიდა.
გვასალია 2016 წლის ოქტომბერში მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი გახდა. მან ამერიკელი დიზაინერი ალექსანდრ ვონგი შეცვალა, რომელმაც Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე ორ წელზე მეტი იმუშავა. დემნა ასევე არის პოპულარული ბრენდის Vetements-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.