დიდი პრემიერა თუმანიშვილის თეატრში

© ნინო ისაკაძესცენა სპექტაკლიდან ...და დრო გადიოდა
სცენა სპექტაკლიდან ...და დრო გადიოდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუმანიშვილის თეატრში ასეთი ტიპის სპექტაკლი არ დადგმულა და, საერთოდ, არც ქართულ თეატრალურ სივრცეში არ განხორციელებულა ასეთი რამ, ამბობს ქეთი დოლიძე.

ის ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი სტილით, გემოვნებით, საშემსრულებლო მანერით და შემოქმედებით. სწორედ ამიტომ ეს ადამიანი განსაკუთრებულად უყვარდა იმდროინდელ თაობას თავისი სიმღერებით, ლექსებით, ფოტოხელოვნებითა და პროზით. ის დღემდე აოცებს როგორც ძველ, ასევე ახალ თაობას. თუმცა, როგორც თეატრის რეჟისორი, დღემდე არავის უნახავს, მაგრამ, დამერწმუნეთ, მისი სადებიუტო ნამუშევარი თუმანიშვილის თეატრში ისეთივე უნიკალური და გამორჩეულია, როგორც თავად მანანა მენაბდე.

სპექტაკლმა-ექსპერიმენტმა, რომელიც თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში დაიდგა, სრული ანშლაგით ჩაიარა. მაყურებელი ძალიან დიდხანს ფეხზე მდგარი ტაშს უკრავდა მსახიობებს. პიესა თავად ქალბატონ მანანა მენაბდის იგავ-არაკების მიხედვითაა დადგმული, რომლის სცენარის ავტორებიც არიან კატო ჯავახიშვილი და ნინია სადღობელაშვილი. ვფიქრობთ, ეს სპექტაკლი ყველამ უნდა ნახოს, რომ დაივიწყოს უარყოფითი ყოველდღიურობა, ქარიშხალი და სულ სხვა განზომილებაში გადავიდეს. ეს სპექტაკლი ამის საშუალებას ნამდვილად აძლევს მაყურებელს. პრემიერის შემდეგ საშუალება მოგვეცა გავსაუბრებოდით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, შემოქმედებით ჯგუფს და თავად რეჟისორს.

ქეთი დოლიძე – რეჟისორი, თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

© Sputnik / Alexander Imedashviliრეჟისორი ქეთი დოლიძე
რეჟისორი ქეთი დოლიძე - Sputnik საქართველო
რეჟისორი ქეთი დოლიძე

– პირველ რიგში, გილოცავთ პრემიერას. ის, რაც ამ წუთებში აქ ხდებოდა, ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება. რამდენად მნიშვნელოვანია იყო თქვენთვის ის ფაქტი, რომ სწორედ აქ, ამ თეატრში დაიდგა მანანა მენაბდის სპექტაკლი?

— მოგესალმებით. მანანა იმდენად რენესანსული ნიჭის ქალია, იმდენად მრავალმხრივ დაჯილდოებული, სხვა შედეგს არც ველოდი. ჯერ ერთი, ყველამ ვიცით, როგორი საოცარი ოჯახიდაანაა. მისი ბებიები, დედა – ყველა მღეროდნენ და, აქედან გამომდინარე, მანანა თავისთავად არის მოვლენა. არაჩვეულებრივად წერს, პროზა იქნება ეს თუ იგავი, რა ჟანრიც არ უნდა იყოს. ასევე აქვს ძალიან საინტერესო ლექსები. ყველაფერში ნიჭი აღმოაჩნდა. ფოტოგრაფიაში, ხატვაში. ბატონი მიშა თუმანიშვილი სულ ამბობდა, რომ ის განსაკუთრებულად ნიჭიერი იყო. თუნდაც ფილმები გავიხსენოთ, როგორი კარგია ფილმებში „ღამეს დღე უთენებია“, „ლეგენდა არსენაზე“… მოკლედ, მრავალმხრივ ნიჭიერია. იცით რა, ის აზროვნებს, როგორც რეჟისორი. ამიტომ ეს ყველაფერი არის პოტენციალი, დაგროვილი დიდი დოზით, რომელიც აუცილებლად რაღაცაში უნდა გამოჩენილიყო, კონკრეტულად კი – თეატრში.

© ნინო ისაკაძემანანა მენაბდის წიგნი „და დრო გადიოდა...“
მანანა მენაბდის წიგნი „და დრო გადიოდა...“ - Sputnik საქართველო
მანანა მენაბდის წიგნი „და დრო გადიოდა...“

როდესაც წავიკითხე მისი იგავ-არაკები, იმ წუთსვე მენიშნა, რომ ამის გაკეთება ძალიან საინტერესო იქნებოდა სცენაზე. მაშინვე შევთავაზე, მაგრამ უცებ შეეშინდა. არადა არაო, რადგან მას აქვს უზარმაზარი პასუხიმგებლობის გრძნობა. განსაკუთრებით კი მომთხოვნია ის თავისი თავის მიმართ. ამიტომ თავიდანვე მივხვდი, რომ მსახიობებთან მისი მუშაობა არ იქნებოდა ადვილი. მაგრამ ფაქტია, რომ ამან ყველაფერმა ძალიან გაამართლა.

თავიდან მსახიობებმა ბიომექანიკის მეთოდი გაიარეს, რომელსაც მანანა არაჩვეულებრივად ფლობს. მსახიობები ძალიან კარგად მუშაობენ. ძალიან საინტერესოდ იმუშავა ქორეოგრაფმა მურო გაგოშიძემ. საინტერესო იყო მამუკა ტყეშელაშვილის მუშაობა. კი, მაგრიტი მაგრიტია, მაგრამ ამას ხომ გაკეთება სჭირდებოდა… თვითონ ეს მუსიკა მანანასი ისეთი უზადო გემოვნებითაა გაფორმებული, როგორიც თავად მანანაა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ჩვენმა ექსპერიმენტმა ძალიან გაამართლა და, რაც მთავარია, თუმანიშვილის თეატრში ასეთი ტიპის სპექტაკლი არ დადგმულა და, საერთოდ, არც ქართულ თეატრალურ სივრცეში არ განხორციელებულა მსგავსი რამ.

მე მახსოვს ნანა ხატისკაცის სპექტაკლები, რომლებიც იყო პოეზიაზე, მისივე ნაწარმოებებზე შექმნილი. ისიც უცნაური და საინტერესო სპექტაკლები იყო, მაგრამ ასეთი, რა თქმა უნდა, არა. ეს არის ულტრათანამედროვე, იგავური სპექტაკლი, ის, რაც ქართულ კინოს ყოველთვის ჰქონდა, და მანანამ ეს იგავურობა უცებ გამოაჩინა სცენაზე და ის რომ მანანა ასე სხვანაირი ენით ჰყვება ამას, ის, რომ მან ძალიან სწორად გამოიყენა თეატრალური ენა და მსახიობებიც აჰყვნენ, საბოლოო ჯამში ძალიან კარგი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა. მე ვულოცავ მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ გამარჯვებას და ამაყი ვარ, რადგან სწორედ აქ, ჩვენ თეატრში განხორციელდა ასეთი წარმატებული პროექტი.

© ნინო ისაკაძესცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“
სცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“ - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“

კატო ჯავახიშვილი – სცენარის ავტორი

– კატო, გილოცავთ. ეს არ არის ის პიესა, რომელიც უცებ დაიწერებოდა…

— რა თქმა უნდა, ეს არ არის რომანი, მოთხრობა, რომელსაც მიჰყვება ასე პირდაპირი სიუჟეტური ხაზი. ეს პიესა შედგება იგავებისგან. ძალიან ბევრგან და თითქმის ყველგან გხვდება ტროპული მეტყველება. გადატანითი შედგენილი სიტყვები და ასე შემდეგ. შესაბამისად, რთული იყო რაღაც გარკვეული ხაზი გამოგვეკვეთა, მაგრამ მასალა იმდენად საინტერესო იყო, რომ ძალიან ბევრნაირ განვითარების საშუალებას იძლეოდა. ამ წუთშივე ამ იგავებზე სხვა რაღაცის დადგმაც კი შეიძლება. მე, რა თქმა უნდა, სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ძალიან დიდხანს ვიხარშებოდით ამ ქვაბში და გარკვეულწილად დისტანცირებაც კი გვჭირდებოდა, რათა უცხო თვალით დაგვენახა. ეს არის, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ახალი სიტყვა ჩვენ ქართულ თეატრალურ სივრცეში და ესაა მნიშვნელოვანი. ვნერვიულობდით, როგორ მიიღებდა მაყურებელი. ძალიან ძნელია რაღაცების გათავისება, თავიდან – მით უმეტეს, როდესაც ახალია. სიახლეს ჩვენ ხშირად უცნაურად ვიღებთ. მაგრამ, მგონი, შედგა სპექტაკლი და მაყურებელმაც კარგად მიიღო.

© ნინო ისაკაძესცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“
სცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“ - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“

ნინია სადღობელაშვილი — სცენარის ავტორი

– აი, ახლა დამთავრდა სპექტაკლი და, როგორც სცენარის ავტორს, რა შეგრძნება გაქვთ?

— პირველმა ღელვამ გადაიარა, თუმცა ის ეიფორია კიდევ მაქვს… ძალიან ეფექტური სანახაობაა და თან ასეთ იუმორში გადმოტანილი. ჩვენ ეს გავაკეთეთ ისე, როგორც მანანას უნდოდა და გამოვიდა სწორედ ისეთივე ღრმა, როგორიც თავად რეჟისორია. ამ სპექტაკლში კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება სამყაროს, ადამიანების მიმართ.

მურო გაგოშიძე — ქორეოგრაფი

– საინტერესოა თქვენი აზრი, როგორც ვიცი, თქვენთვის პირველი იყო ასეთ პროექტზე მუშაობა და თავად მანანა მენადაბდესთანაც…

— დიახ, მე მანანას შესახებ ბევრი მსმენია. ძალიან დიდ პატივს ვცემ, პირველ რიგში, როგორც ადამიანს და შემდეგ როგორც თავისი საქმის პროფესიონალს. ჩემი ორთვიანი გასტროლის გამო ფაქტიურად ეს დრო დაგვეკარგა. მიუხედავად ამისა ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო – ასეთ ბუმბერაზ ადამიანთან მუშაობა. ეს, პირველ რიგში, მსახიობების დამსახურებაა, რადგან მანანა საერთოდ არ მიცნობდა – ვინ ვარ, რას ვსაქმიანობ. გასტროლზე ვიყავი, როდესაც შემატყობინეს, რომ ქორეოგრაფი სჭირებოდათ. დროა საჭირო, ვფიქრობ, თანდათანობით კიდევ უფრო დაიხვეწება მსახიობების პლასტიკა და ამ ყველაფერს ერთად შეკრავს.

© ნინო ისაკაძესცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“
სცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“ - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“

კახა შარტავა – მსახიობი

— დავიწყებ იქიდან, რომ სიუპრიზად მოხდა ჩემი ამ ყველაფერთან დაკავშირება. მირეკავს ერთ დღეს ტელეფონი, ვიღებ ყურმილს: — გამარჯობათ, კახა ბრძანდებით?— დიახ. — კახაბერ, მე მანანა ვარ მენაბდე… რამდენიმე წუთი პაუზა (რადგან მანანა მენაბდე ყოველთვის მესმოდა – თბილისის კოლორიტი, როგორც მუსიკოსი, როგორც საინტერესო პიროვნება, ასე ვიცნობდით ყველა და აქედან გამომდინარე ის იყო მთელი ცხოვრება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნება ჩემთვის)… შემდეგ ცოტა ხანს ვსაუბრობდით და საუბრის ბოლოს მითხრა, შენ დაგირეკავენ და დაგიბარებენ მალე და არ გაგიკვირდესო. თქვენ დამირეკეთ, ქალბატონო მანანა, და ამის მერე რაღა უნდა გამიკვირდეს–მეთქი. შემდგომ ამისა ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. ჩემში ძალიან ბევრი დაილექა და დარჩა ამ ადამიანისგან ერთი წლის განმავლობაში.

– რვა ადამიანი ერთსა და იმავე კაცს ასახირებთ, მაგრამ რვავე განსხვავებული ხართ…

— როგორც კი ქალბატონმა მანანამ გადმომცა პიესა, მე მაშინვე დავინახე რვა ადამიანი და რატომღაც იმ წუთიდანვე გამიჩნდა განცდა იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩუმად არის და ხმას არ იღებს. და როდესაც ის ხმას ამოიღებს, სწორედ ის ამბობს ყველაზე ბოლოს: „მე მინდა ვიყო ღმერთი“. და მე მერე, როგორც არტისტი დავფიქრდი, რომ მეც მყავს ვიღაც შიგნით ასეთი ადამიანი და შემეშინდა – რას იზამს ის, როდესაც ხმას ამოიღებს?..

მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მანანას ამ დიდი ნდობისთვის. ბედნიერი ვარ, ამ ადამიანთან რომ მომიწია მუშაობა. გმადლობთ ქალბატონო მანანა!

© ნინო ისაკაძესცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“
სცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“ - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან „და დრო გადიოდა...“

ირინე გიუნაშვილი — მსახიობი

– საკმაოდ დიდი სამუშაო გაიარეთ, რამდენად რთული იყო თქვენთვის ეს პერიოდი?

— ძალიან რთული იყო. მთელი ერთი წელი ვემზადებოდით ამ დღისთვის, რომელსაც თავისი ეტაპები ჰქონდა. დავიწყეთ ნულიდან, მეტრონომი იდგა მაგიდაზე, პირველი იყო სავარჯიშოები და ასე ნელ-ნელა მოვედით აქამდე. დეკემბერში შევეხეთ თვითონ პიესას. ამბობენ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. ქალბატონ მანანას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ვუხდი მადლობას. ძალიან ბედნიერი ვარ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ახლა იმაში, რომ როცა იშრომებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, აუცილებლად!

თამრი ბზიავა — მსახიობი 

– თამრი, ვიცი, რომ დაღლილი ხარ, მაგრამ მაინც იქნებ ორიოდე სიტყვა გვითხრა ქალბატონ მანანაზე და თავად სპექტაკლზე…

— ჩემთვის პირადად ეს არის ადამიანი, რომელსაც ჩარჩოში ჩასმა არ უყვარს. ძალიან კარგი ფრაზა გვაქვს სპექტაკლში: „კაცი იყო თავისუფალი, რადგან იმას არ აკეთებდა, რაც სურდა“. ჩემთვის ეს ფრაზა ყველაზე მთავარი სათქმელია ამ პიესაში. ჩვენში ეს სიტყვა ცოტა უცნაურად ესმით. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქალბატონი მანანა სწორედ ის ადამიანია, რომელიც ძალიან მოკრძალებულად, თავმდაბლურად აკეთებს საქმეს და იმ გზას, რასაც ჭეშმარიტი თავისუფლება ჰქვია. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას, მასთან თანამშრომლობის საშუალება რომ მომცა. აქვე მინდა გამოვყო მუშაობის პროცესში ერთი ადამიანის დაუღალავი შრომა და ნიჭიერება, ეს არის სუხიშვილების სოლისტი, ქორეოგრაფი მურო გაგოშიძე. ადამიანი, რომელიც სხეულის ენით გელაპარაკება. და მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს თითოეულ ჩვენგანს დაგვეძლია. რომ არა ეს ადამიანი, ჩვენ ვერ დავძლევდით ასეთ სირთულეებს. წარმოუდგენელია საათნახევარი იდგე სცენაზე და აკეთო ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთელი სპექტაკლის განმავლობაში.

© რ. შაიშმელაშვილიმუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი - მანანა მენაბდე
მუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი - მანანა მენაბდე - Sputnik საქართველო
მუსიკოსი, მხატვარი, ფოტოგრაფი - მანანა მენაბდე

მძიმე და სასიამოვნო დღის შემდეგ ორიოდე სიტყვის თქმა ქალბატონ მანანა მენაბდესაც ვთხოვეთ:

– ქალბატონო მანანა, გილოცავთ ასეთ წარმატებულ პრემიერას. როგორი იყო თქვენთვის მსახიობებთან მუშაობა და რამდენად კმაყოფილი ხართ დღევანდელი დღით?

— ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემმა მსახიობებმა საოცრად კარგად დაძლიეს ყველაფერი და მე იმედი რომ არ მქონოდა ამათი, ალბათ დასაწყისიდანვე მივატოვებდი ყველაფერს, რადგან თავიდანვე ჩანს ხოლმე ადამიანების შესაძლებლობა და თან ეს ის პროექტია, რომელიც ხალხს თვითონ ირჩევს.

– საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა რეპეტიციები…

— სხვანაირად არ შეიძლებოდა, რადგან თავად სამი თვე ვიყავი წასული საზღვარგარეთ. ამ პერიოდში ბავშვები დავუტოვე ქორეოგრაფ მურო გაგოშიძეს, რათა შემდგომში პრობლემა არ ყოფილიყო მოძრაობის. თქვენ ნახეთ პლასტიკა და სიტყვა უმეტეს ადგილზე გაერთიანებულია. ბიომექანიკა როცა შემოდის, ერთი ნახვით მაყურებლისთვის ეს ძალზე მარტივი აღსაქმელია, სინამდვილეში კი ურთულესია. თავიდან რიტმების სავარჯიშოებიდან დავიწყეთ და, მე მგონი, შედეგსაც მივაღწიეთ. ვფიქრობ, თანდათანობით კიდევ უფრო გასუფთავდება პატარა ხარვეზები.

– როგორც რეჟისორისთვის თქვენთვის პირველია ეს პროქტი?

— ჩემი პროფესია ესაა, მაგრამ ყოველთვის კინო უფრო მეტად მაინტერესებდა. და არც ველოდებოდი, თეატრიც თუ ასე გაამართლებდა, მაგრამ ეს ქეთი დოლიძე ისე ჩამაცივდა, ისე ჩამაცივდა, არ ვიცი რა (იცინის), სულ დამდევდა. თავიდან ვიფიქრე, მოვიცილე–მეთქი და პიესის დასაწერად მივმართე კატო ჯავახიშვილს და ნინია სადღობელაშვილს, რომელზეც მუშაობა შარშან დაიწყო. რახან პიესა გადავეცი, ვიფიქრე, მეშველა–მეთქი, მერე კიდევ უფრო მეტად დამიწყო „დევნა“ – დადგი, დადგიო. მე ვუთხარი, ქეთო, ათი თავი ხომ არ მაბია, რომ დავდგა და არ გაამართლოს, მერე რას შვრები–მეთქი. არ ასებობს, რომ არ ივარგოსო, ვიცი, რომ დადგამ და კარგიც გამოგივაო. ქეთის გაცილებით უფრო მეტი იმედი ჰქოდა და დარწმუნებულიყო იყო, ვიდრე მე. მე საერთოდ არ ვიცოდი, რა გამომივიდოდა. 

– უახლოეს პერიოდში თუ გაქვთ რამე ჩაფიქრებული?

— აი, დღეს ზემოდან ვუყურებდი სპექტაკლს, გვერდით ქეთი მედგა. ვუთხარი, რაღაც მაქვს კიდევ ჩაფიქრებული–მეთქი. გაუხარდა. აქ რასაც უყურებთ, ყველაფერი მინიმალისტურია. გაცილებით უფრო რთული და გაცილებით უფრო ძვირიანი პროექტია, მაგრამ, რაც არ უნდა დამიჯდეს ეს, უნდა მოვიპოვო აუცილებლად კიდევ ერთი ახალი პროექტის განსახორციელებლად.

 

4 მაისს თუმანიშვილის თეატრში გელოდებათ სპექტაკლის პრემიერა, რომელიც თავისი სტილით, შინაარსით, ესთეტიკითა და რეჟისურით მართლაც რომ განუმეორებელია. 

ყველა ახალი ამბავი
0