დღეისათვის, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 20 ათასამდე კათოლიკე ცხოვრობს, თუმცა ადგილობრივ კათოლიკურ ეკლესიაში ირწმუნებიან, რომ მათი რაოდენობა 50 ათასს უახლოვდება.
საქართველოში კათოლიკეთა უმეტესობა სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობს, საიდანაც თბილიში მესაზე დასასწრებად 6 ათასი ადამიანი ჩამოვიდა. გარდა ამისა, მესაზე დასასწრებად ისტორიულ სამშობლოში ჩამოვიდნენ ის კათოლიკე ქართველებიც, რომლებიც ახლა უცხოეთში ცხოვრობენ.
„მე კათოლიკე ვარ. ეს ჩემთვის ბედნიერი და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბოლო ხანს სულ მახსენდება, როგორ წერდნენ ქართველი მეფეები სხვადასხვა დროს პონტიფიკოსებს წერილებს, მაგრამ მაშინ საქართველოს მიმართ ასეთი ყურადღება არ იყო. დღეს კი ევროპელი ლიდერები თუ რომის პაპი ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში და ეს მართლაც ისტორიული და პოლიტიკური ჟესტია“, — თქვა ნინო ცხომელიძე-დეპერშმიდტმა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა გერმანიიდან.
რომის პაპის მესაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით შეიძლებოდა. სტუმრების უმეტესობა ტრიბუნებზე განთავსდა, რომლებიც მათი თეთრ-ყვითელი ქუდებისა და ყელსახვევების გამო, სწორედ ამ ფერებად აფერადდა.
ცერემონიის დაწყებამდე კათოლიკეებმა პირდაპირ სტადიონის ტრიბუნებზე თქვე აღსარება. მერე კი, სტადიონზე პაპომობილით შემოსულ პონტიფიკოსს „მრავალჟამიერით“ შეხვდნენ.
ღვთისმსახურება დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
„მე ინდოეთიდან ვარ. მესაზე დასწრებით ღვთის მადლს ვგრძნობ. პაპი ფრანცისკი ინდოეთში იყო ჩასული, მაგრამ მე აქ ვიყავი და ვერ ვნახე — აქ ვსწავლობ, საქართველოში“, — თქვა ინდოელმა ჯიტუ ჯონსონმა.
მესას მართლმადიდებელი მრევლიც დაესწრო საკუთარი კათოლიკე თანამემამულეების მიმართ პატივისცემის ნიშნად.
„მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მაგრამ დღეს რომის პაპის ვიზიტის გამო მოვედი აქ, რათა პატივისცემა გამოვხატო წმიდა ე კლესიისადმი, რომლის დამფუძნებელიც წმინდა პეტრე გახლდათ. ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის დამაარსებელი კი ანდრია პირველწოდებული გახლდათ და დღეს საქართველოში ორი ეკლესიის დამფუძნებელი ძმების გაერთიანება მოხდა. ასე რომ, აქ დიდი სიხარულით, იმედითა და უფლის სიყვარულით მოვედი“, — თქვა თბილისელმა ლევან კოჭლამაზაშვილმა.
თუმცა, ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი როდი მიესალმა რომის პაპის საქართველოში სტუმრობას. პონტიფიკოსს ვიზიტს ორი დღის განმავლობაში თან ახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებსაც გამოფენილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „ვატიკანი — სულიერი აგრესორი“, „რომის პაპო, შენი ჩამოსვლა არ უხარიათ მართლმადიდებლურ საქართველოში“.
სწორედ ამ ლოზუნგებით გამართეს აქცია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან რამდენიმე ათეულმა მართლმადიდებელმა ღვთისმსახურმა და მათმა მრევლმა.
ხოლო რომის პაპი ამ დროს მადლობას უხდიდა საქართველოს და სთხოვდა მორწმუნეებს, ელოცათ ამ ქვეყნისა და მისი თითოეული მცხოვრებისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.