ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების საკუთარ პროექტს ამზადებს

© Александр ИмедашвилиТбилиси
Тбилиси - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ექსპერტებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეატანიო ცვვლილებების ერთობლივ პროექტზე იმსჯელეს.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ორშაბათს სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ექსპერტებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეატანიო ცვვლილებების ერთობლივ პროექტზე იმსჯელეს.

რვა ოპოზიციური პარტია - ”ეროვნული ფორუმი”, ”კონსერვატიული პარტია”, ”რესპუბლიკური პარტია”, ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”, ”ხალხის პარტია”, ”ახალი მემარჯვენეები”, ”საქართველოს გზა” და ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” სამი თვის განმავლობაში პროექტის შემუშავებაზე ერთობლივად მუშაობდნენ.

პროექტში მთავარია ამომრჩეველთა სიის შედგენის წესი. კერძოდ, პროექტის თანახმად, ამომრჩეველთა სიის შედგენა ბიომეტრიული მონაცემების მქონე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. პროექტის შემდგენლები ბიომეტრულ მონაცემებში გულისხმობენ ათი თითის ანაბეჭდს და ბიომეტრიულ ფოტოს. 

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადსტურებელი მოწმობების შეცვლის პროცედურა სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ უნდა განახორციელოს და ორი-სამი თვის განმავლობაში მან უნდა შექმნას ბიომეტრიული მონაცემების ბაზა, რის შემდეგ განახლებული საარჩევნო სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ამომრჩეველთა სიების ელექტრონული დაცვის მექანიზმის შემოღებას.

კანონპროექტის მეორე მნიშვნელოვანი მომენტია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი. პროექტის თანახმად, ცესკო უნდა ჩამოყალიბდეს 7 კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლებისგან პარიტეტის საფუძველზე, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის წევრების არჩევა კონკურსის საფუძველზე უნდა ხდებოდეს და ვაკანტური თანამდებობები იმ კანდიდატებმა უნდა დაიკავონ, რომლებიც ტესტირების შედეგად ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებენ.

ყველა კვალიფიციურ პარტიას საარჩევნო უბანზე საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც საუბნო კომისიის წევრთან ერთად ყველა პროცედურაში, მათ შორის ხმების დათვლაში მიიღებს მონაწილეობას.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, შემოთავაზებული ცვლილებების საშუალებით არჩევნებზე ავტომატურად გამოირიცხება ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ”მკვდარი სულები” და ”კარუსელი”.

”დღეს არსებული პირადობის დამადასტურებელი მოწმებები აბსოლუტურად დაუცველია. მათი გაყალბება ადვილია. რაც შეეხება ამომრჩეველთა ელექტრონულ სიას, ჩვენი კანონპროექტი დაცვის მექანიზმებს და სიების ელექტრონულ ვერსიებს ითვალისწინებს”, - განაცხადა ხმალაძემ.

ყოფილი ტელეწამყვანი, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი, თბილისის საქალაქო საბჭოს - საკრებულოს დეპუტატი ინგა გრიგოლია მიიჩნევს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია შეიცვალოს საკანონმდებლო გარემო კანონის დახმარებით.

”დღეს აზრი არ აქვს საპარალმენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, თუ ჩვენ არ გამოვცვლით საარჩევნო გარემოს, თუ ჩვენ შევძლებთ ცვლილებების შეტანას საარჩევნო კოდექსში, შესაძლებელი გახდება არჩევნების გზით შეიცვალოს ქვეყანაში არსებული ხელისუფლება”, - განაცხადა გრიგოლიამ. 

გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ”მომდევნო ეტაპი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების პროცესი იქნება”. ”მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები აუცილებლად გამოიღებს შედეგს”, - მიიჩნევს ალასანია. 

22 სექტემბერს ”ეროვნულმა ფორუმმა” და ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს 130 ათასი ხელმოწერა საქართველოში საარჩევნო კოდექსის შეცვლის მოთხოვნით. კანონპროექტის განსახილველად საქართველოს პარლამენტში, კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარტიამ 30 ათასი ხელმოწერა უნდა წარადგინოს.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2012 წელს შედგება, საპრეზიდენტო კი - 2013 წელს.

ყველა ახალი ამბავი
0