მინეაპოლისში პოლიციის თანამშრომლების მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას მისი სიკვდილის გამო საპროტესტო აქციებმა მთელი ამერიკა მოიცვა. უკვე მეშვიდე დღეა მომიტინგეები მთელ ქვეყანაში წვავენ მანქანებსა და შენობებს, ძარცვავენ მაღაზიებს. დემონსტრაციები გაიმართა ქვეყნის ბევრ შტატში, ხოლო მომიტინგეებმა სამართლიანობის მოთხოვნით ფედერალური მაგისტრალები გადაკეტეს.
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის წინააღმდეგ საპროტესტო მიტინგი მშვიდობიანად დაიწყო, მაგრამ სწრაფად გადაიზარდა შეტაკებებში. მომიტინგეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. ამის საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ღამით ქალაქში ხანძარი ჩნდებოდა სხვადასხვა ადგილზე – აქციის მონაწილეები ცეცხლს უკიდებდნენ მაღაზიებს, მანქანებსა და სახლებს. შტატის გუბერნატორმა ვითარებას უაღრესად საშიში უწოდა და მოსახლეობას შეტაკებების ადგილების დატოვებისკენ მოუწოდა.
შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები 25 მაისს მინესოტაში დაიწყო აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ. დაკავებისას ერთ-ერთმა პოლიციელმა ის წააქცია და კისერზე მუხლი დააბჯინა, რაც თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მამაკაცმა ბევრჯერ გაიმეორა, რომ სუნთქვა არ შეეძლო, შემდეგ კი გონება დაკარგა. ამის შემდეგ ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ის რეანიმაციაში გარდაიცვალა. თვითმხილველებმა მოვლენის კადრები გადაიღეს და ინტერნეტში გაავრცელეს, რაც სწრაფად გახდა ვირუსული და საზოგადოებაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია.
ორშაბათს, 1 ივნისს გამოქვეყნდა ოფიციალური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი ყელზე დაჭერის შედეგად ფილტვებისა და გულის ფუნქციების შეჩერება იყო. გარდაცვალების ფაქტს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა.