სპიტაკის მიწისძვრა 1988 წლის 7 დეკემბერს, დილით სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში მოხდა. ძლიერი ბიძგებისგან 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაზარალდა, ხოლო ქალაქი სპიტაკი, რომელიც კატასტროფის ცენტრში აღმოჩნდა, ფაქტიურად 30 წამში განადგურდა. იხილეთ ამ საშინელი მოვლენის კადრები Sputnik-ის ფოტომასალაში.
სომხეთში 1988 წლის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 25 ათასი ადამიანი, 140 ათასი დაინვალიდდა. 500 ათასი ადამიანი დარჩა თავშესაფრის გარეშე.
მიწისძვრამ მთლიანად გაანადგურა ქალაქი სპიტაკი, სადაც დაახლოებით 17 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, და მასთან ერთად 58 სოფელი. განადგურდა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქის ლენინაკანის (ახლა გიუმრი) 80%. საერთოდ დაინგრა სტეფანავანი, კიროვაკანი (ახლა ვანაძორი) და კიდევ დაახლოებით 300 დასახლებული პუნქტი.
საერთო ჯამში, მიწისძვრამ სომხეთის მთელი ტერიტორიის 40% მოიცვა. მოვლენის ზონაში მოხვდა დაახლოებით 970 ათასი ადამიანი. ავარიის რისკის გამო მუშაობა შეწყვიტა სომხეთის ატომურმა ელექტროსადგურმა.
სამაშველო სამუშაოებში, გარდა მოხალისეებისა, მონაწილეობდა 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი, ნანგრევების გასატანად გამოიყენებოდა 3 ათას ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა. მთელ საბჭოთა კავშირში აქტიურად მიმდინარეობდა ჰუმანიტარული დახმარების მოძიება.
განადგურებული რაიონების აღდგენაში მონაწილეობას იღებდა სსრკ-ის ყველა რესპუბლიკა. საბჭოთა კავშირს დახმარება აღმოუჩინა მსოფლიოს 111-მა ქვეყანამ, მათ შორის იყვნენ ბელგია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ლიბანი, ნორვეგია, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია. ისინი დასახმარებლად გზავნიდნენ სპეციალურ სამაშველო ტექნიკას, სპეციალისტებს, პროდუქტებსა და მედიკამენტებს. ამ ქვეყნებმა აღდგენით სამუშაოებშიც მიიღეს მონაწილეობა.