კოლუმბიაში ძლიერი წვიმების შედეგად რამდენიმე მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან, რამაც ქალაქ მოკოაში, პუტუმაიოს დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ცენტრში დამანგრეველი ღვარცოფი გამოიწვია. იხილეთ სააგენტოს Reuters კადრები კატასტროფის ადგილიდან.
ქალაქ მოკოაში დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა და სამ ათასზე მეტი თავშესაფრის გარეშე დარჩა, დაკარგეს სახლები და ქონება. სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ტრაგედია 1 აპრილს გამთენიისას მოხდა, როდესაც კალაპოტიდან გადმოსულმა მდიმარეებმა მოკოამ, სანგოიაკომ და მულატოსმა ღვარცოფი გამოიწვია 45 ათას მოსახლიანი ქალაქის 17 რაიონში. ტრაგედია ღამით მოხდა, ამიტომ ქალაქის ბევრმა მცხოვრებმა სახლიდან გამოსვლაც ვერ მოასწრო.
ამ დროისათვის კოლუმბიელი სამხედრო მოსამსახურეები, მაშველები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ნანგრევებს ასუფთავებენ და სტიქიური უბედურების შედეგებს ებრძვიან. გამანადგურებელი ღვარცოფის ძალის შეფასება შესაძლებელია კატასტროფის ადგილიდან კადრების ნახვის შემდეგ.
თუმცა, მოკოაში მომხდარი ტრაგედია კოლუმბიის ისტორიაში ყველაზე საშინელი არ ყოფილა. 1985 წელს არმეროში ჩამოწოლილ მეწყერს შეეწირა 20 ათასი ადამიანი.
ღვარცოფი — დამანგრეველი სტიქიური უბედურება, წყლის დიდი ტალღა, რომელსაც მოაქვს ქვები, მთის ნაშალი და მინერალური ნაწილაკები. ღვარცოფი მთის პატარა აუზის მდინარეებში ძლიერი წვიმების ან დიდი თოვლის დნობის შედეგად წარმოიქმნება. მისი მოძრაობის სიჩქარე წამში 6 მეტრი ან მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ღვარცოფი დიდხანს არ გრძელდება, მისი ძალა მართლაც გამანადგურებელია.