04:26 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
41 0 0

ახალი ბიუჯეტი ასახავს ქვეყნის განვითარების დადებით პროგნოზს და მასში შეცვლილია პრაქტიკულად ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი 85 ხმით დაუჭირა.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვა საჭირო გახდა კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გამო.

ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ.

2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლილი პროგნოზი

მაჩვენებელი ძველი ვარიანტი  ახალი ვარიანტი
ეკონომიკური ზრდა, %  4,3 7,7
დეფლატორი, %  3,8 7,5
მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი  53,4 57,2
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი  12,3 12,9
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-თან შეფარდებით  7,7 6,9
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, % მშპ-თან შეფარდებით  21,5 20,5

 

პროექტის თანახმად, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 7,7%-ის დონეზეა მოსალოდნელი. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 57,2 მილიარდი ლარის დონეზეა ნავარაუდევი. შედარებისთვის, იანვრის პროგნოზების მიხედვით, ის 53,4 მილიარდ ლარს შედგენდა.

ბიუჯეტის ჯამური დეფიციტი ნავარაუდევია 7,5%-ის დონეზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები

მიღებული პროექტის მოხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები გაიზრდება დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარით და 17,9 მლრდ ლარს შეადგენს.

ამასთან შემოსავლები გაიზრდება 1 მლრდ ლარით და 12,2 მლრდ ლარს შეადგენს.

ცვლილებები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში (მლნ ლარი)

  2021 წლის იანვარი 2021 წლის ივლისი
შემოსულობები ბიუჯეტში 16.768,1 17.993,0
ბიუჯეტის სადასახადო შემოსავლები 10.342,3 11.062,6
გრანტები 286,9 386,4
ბიუჯეტის ასიგნებები 18.384,5 19.498,7

შემოსულობების ზრდა გამოწვეულია საგადასახადო შემოსულობების და სხვა შემოსავლების ზრდით.

ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარების ხარჯზე გაიზრდება გრანტების მოცულობა და ასევე გაიზრდება საქართველოს ვალდებულებები.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა გაიზრდება დაახლოებით 1,1 მლრდ ლარით და დაახლოებით 19,5 მლრდ ლარს შეადგენს.

ვინ მიიღებს მეტ თანხას

600 მილიონით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება. აქედან ძირითადი ნაწილი – 446 მილიონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების, მათ შორის ვაქცინაციის დაფინანსებაზე მიემართება. დანარჩენი სახსრები გადანაწილდება სოციალურად შეჭირვებული ბავშვებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებაზე.

ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსების 36 მილიონით გაზრდას. ეს თანხები მოხმარდება ეკონომიკის განვითარების ღონისძიებებს, მათ შორის საწარმოებისა და ტურიზმის განვითარებას. ამავე დროს სასტუმროებში საკარანტინო ზონების მოსაწყობად გამოყოფილი თანხები 29 მილიონი ლარით შემცირდება.

ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების 177 მილიონით გაზრდას. ეს თანხები მოხმარდება მთავრობის აგროპროგრამების დაფინანსებას და რთველის ხარჯის გაზრდას, რისთვისაც 138,4 მლნ ლარია გათვალისწინებული. თანხების ნაწილი ასევე დაცული ტერიტორიების რაოდენობის გაზრდას მოხმარდება.

იზრდება ასევე ცესკოს დაფინანსება, რაც საოლქო კომისიებში წევრების 9-დან 17-მდე გაზრდით არის გამოწვეული.

დამატებით სახსრებს მიიღებენ ასევე რეგიონები. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 93,7 მლნ ლარით გაიზრდება.

მთავარი თემები