21:44 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (431)
85 0 0

ქვეშეთი–კობის მონაკვეთი კობი–გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთრის პერიოდში ხშირად იქმნება ზვავის ჩამოწოლის საშიშროება.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე დაიწყო 23-კილომეტრიანი გზის, მათ შორის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ჩრდილოეთი–სამხრეთის მოდერნიზაციის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ქვეშეთი–კობის მონაკვეთი კობი–გუდაურის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება, ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის“ საკონტროლო–გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში“ დგომა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება. სამუშაოებს ჩინური კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co ჩაატარებს.

უწყების ინფორმაციით, სპეციალურად დამზადდა საბურღი აღჭურვილობა – გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM (Tunnel Boring Machine). იგი გამორჩეულია იმით, რომ ვიბრაცია დაყვანილია მინიმუმამდე, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას.

პროექტის თანახმად, ახალი გზის ზონაში მოქცეულია სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე,  წკერე და კობი.
რთული კლიმატური პირობების გამო ხადას ხეობის მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით 100 დღე მოწყვეტილია გარე სამყაროს; დიდთოვლობისა და ზვავების ჩამოწოლის გამო გზა ხშირად იკეტება, ვერ გადაადგილდება სადისტრიბუციო ავტომობილები, სასწრაფო დახმარების და სატრანზიტო მანქანები.

ქვეშეთი–კობის ახალი გზის აშენების შემდეგ წელიწადის ნებისმიერ დროს რეგიონში შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ გადაადგილება ყველა ტიპის ავტომობილისთვის.

ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემის გადაჭრის გარდა, ახალი გზა მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისითაც – ის გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს, შეიქმნება ახალი ტურისტული მარშრუტები, ამით იქ მცხოვრებლებსაც ახალი შესაძლებლობები გაუჩნდებათ.

დამატებით აშენდება 5-კილომეტრიანი გზა გუდაურამდე და ტურისტული ცენტრი, რაც გადაადგილებას გახდის უფრო უსაფრთხოს, კომფორტულს და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.

არსებული გზის სიგრძე ამჟამად 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ 23 კმ იქნება, რაც ნიშნავს, რომ მანძილი 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შემცირდება.

ქვეშეთი–კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას აფინანსებენ აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკები, სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM ახორციელებს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (431)

მთავარი თემები