18:54 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
83 0 0

გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება უნდა იყოს ხელისუფლების, ბიზნესის და რიგითი მოქალაქეების პასუხისმგებლობა, მიაჩნიათ ბიზნეს ასოციაციაში.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. აპრილში ეკონომიკის თითქმის 45%-იანი ზრდა უაღრესად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტია პოსტ-კოვიდურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშპ-ის ზრდამ აპრილში 44,8% შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო წლის დასაწყისიდან ოთხ თვეში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8,1% შეადგინა.

„უაღრესად მნიშვნელოვანი და პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენისთვის გარდამტეხი მაჩვენებელი, რომელიც ბიზნესის საინვესტიციო აქტივობისთვის უმნიშვნელოვანესი პარამეტრის, ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაციის ინფორმაციით, რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იძლევა იმის იმედს, რომ პოსტ-კოვიდურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მოხდება.

„ამას გარდა, დადებითი ტენდენციების ფონზე უნდა ვივარაუდოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში დაწყებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარება არა დროებით, ხანმოკლე ცვალებადობას, არამედ კონკრეტული მიზეზებით გამოწვეულ ტენდენციას წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკის შემდგომი გახსნის პარალელურად, დამატებით გახდება ბიზნესის გაზრდილი აქტივობის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული მიზეზი“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აღნიშნავს, გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების, ბიზნესისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რადგანაც დაჩქარებული ვაქცინაცია და ეპიდუსაფრთხოების შესაბამისი ნორმების დაცვა უნდა გახდეს ლარის კურსის გამყარებისა და ეკონომიკის შემდგომი ზრდის აუცილებელი გარანტი.

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3–დან 6,5%–მდე განაახლა. მიმდინარე წელს ფინანსთა სამინისტრო ქართული ეკონომიკის ზრდის სამ სცენარს განიხილავს. ოპტიმისტური სცენარი ითვალისწინებს ტურიზმის უფრო სწრაფ ზრდას, კერძოდ, 2019 წლის დონიდან 40–45%–ის დონეზე. ის ასევე ითვალისწინებს დინამიურ ეკონომიკურ ზრდას ეკონომიკის სხვა სექტორებში.

COVID-19-მდე ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში 10%-მდე შეადგენდა. ამიტომ მის აღდგენას ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღორძინებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნია.

კორონავირუსის პანდემიამ ადგილობრივ ბიზნესს მძიმე დარტყმა მიაყენა. ეკონომიკა ჯერ კიდევ იმკის პანდემიის მძიმე შედეგებს, რომელიც ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის ვარდნის ტემპები კორონავირუსის მეორე ტალღის დროს დაჩქარდა, რამაც 2020 წელს მშპ-ის 6,2%-ით შემცირება გამოიწვია. ამ დროისთვის, შეზღუდვების შერბილების მიუხედავად, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური სიტუაცია რჩება.

 

 

მთავარი თემები