16:39 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

კომპანიებს პროექტების განსახორციელებლად პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ერთ ლარად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცემათ.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობის სხდომაზე პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში რამდენიმე საწარმოს პროექტი დამტკიცდა, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამოქმედდება, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2,15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტში, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით ზესტაფონში შეიქმნება.

მინაბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტის განსახორციელებლად შპს „აჯამურას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა ქალაქ ზესტაფონში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

ქარხანა ყოველწლიურად სხვადასხვა დიამეტრის 5 მლნ გრძივი მეტრის პროდუქციას გამოუშვებს, რომლის გაყიდვა როგორც ადგილობრივ, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე იგეგმება. საწარმოს მშენებლობაზე 60-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ ქარხანაში 20-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

მთავრობის მიერ დამტკიცებული კიდევ ერთი პროექტი ხილისა და ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობის შექმნას გულისხმობს და ის თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. 

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფოსგან შპს „აჩინებულს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად სოფელ აჩინებულში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები გადაეცემა.

„წარმოდგენილი პროექტი მოიცავს 650 ტონის მოცულობით სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას და თანამედროვე მანქანა-მოწყობილობებით დაკომპლექტებას. შპს „აჩინებული“ პროექტის შესაქმნელად 600 ათას ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას და ათეულობით ადამიანის დასაქმებას აპირებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ქიმიური პროდუქციის საწარმოს შექმნა იგეგმება შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფის“ მიერ ინიცირებული პროექტით, რომელიც ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდება.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ეკოკემიკა სერვის ჯგუფს“ სიმბოლურ ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცემა ქალაქ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა.

Ekokemika International წარმოადგენს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას, რომლის სათავო ოფისი და ძირითადი საწარმოო ბაზა მდებარეობს იტალიის ქალაქ პიაცენსაში. კომპანია 20 წელზე მეტია ბაზარზე მოქმედებს და მისი ძირითადი პროფილია ავტომობილების სარეცხი საშუალებების წარმოება.

„გარდა ამისა, ფონიჭალის დასახლებაში შეიქმნება სამშენებლო მასალის და ლითონის ნაწარმის მწარმოებელი მცირე საწარმო, განხორციელდება მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია, რომელიც დაასაქმებს ათეულობით ოჯახს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ გააჩნია ე.წ. სახელმწიფო ქონების კომპონენტი, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე ნაკვეთები, ნანგრევები, რომელიც საბჭოთა დროიდან უსარგებლოა, საინვესტიციო ვალდებულებებთან ერთად გადაეცემა მცირე ბიზნესს იმისთვის, რომ იქ ახალი საწარმოები შეიქმნას და დასაქმდნენ ადამიანები.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

მთავარი თემები