08:31 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
93 0 0

მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოში მოიჯარეები შეძლებენ სახელმწიფოსგან გამოისყიდონ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით იჯარით გაცემული სახნავი და სათიბი მიწის ნაკვეთები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

აქამდე ეს უფლება მხოლოდ 2020 წლის 23 იანვრამდე იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე ვრცელდებოდა. 

„ამ ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კერძო საკუთრებაში დაირეგისტრირონ დაახლოებით 11 ათას ჰექტრამდე სახნავი მიწა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 მილიონ ლარს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, ასევე უქმდება მიწის ფართობებზე დაწესებული ზედა ზღვარი - თუ აქამდე ნებადართული იყო მხოლოდ 10 ჰექტრამდე იჯარით გაცემული სასოფლო მიწის ნაკვეთის შესყიდვა, ახლა ეს შეზღუდვა საერთოდ მოიხსნება.

პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შედის, კერძოდ,  გამოსყიდვის უფლება იჯარით გაცემული „სახნავი“ კატეგორიის მიწების გარდა გავრცელდება „სათიბ“ კატეგორიაზეც.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან ყველა მოიჯარეს თანაბარ პირობებში აყენებს.

პრემიერ მინისტრის თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში განსახორციელებელი  ეს ცვლილებები დამატებითი შესაძლებლობაა სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომ მიწა, როგორც აქტივი, უფრო მეტად ჩართონ, მაგალითად, სახელმწიფო პროგრამებში, მოიზიდონ საბანკო დაფინანსება.

„ზოგადად, მიწის საკუთრებაში ფლობითა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობით მეწარმეც და სახელმწიფოც უფრო მეტ სარგებელს მიიღებს“, - განაცხადა პრემიერმა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა“  საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ივლისში დამტკიცდა და მისი  მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის ხელშეწყობა, მოიჯარეებისათვის იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის გზით.

 

მთავარი თემები