დავითაშვილი: კიდევ არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას განვახორციელებთ

© photo: Sputnik / Stringerლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა საკომიტეტო მოსმენაზე ძირითადად ისაუბრა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებზე

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. სრულიად იცვლება სახელმწიფო კონტროლის ფორმა, რაც გარემოს დაზიანების პრევენციას უზრუნველყოფს, განაცხადა პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების გეგმებს ეცნობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა კანონმდებლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მიმართულებით სამთავრობო პროგრამის თაობაზე მიაწოდა  ინფორმაცია. მისი თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იგეგმება.

„ჩვენ სრულიად ვცვლით სახელმწიფო კონტროლის ფორმას და ეს იქნება გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციაზე ორიენტირებული სისტემა. ასევე, ჩამოყალიბდა ნარჩენების მართვის თანამედროვე, ევროპულ პრინციპებთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით მიღებულია ახალი რეგულაციები... მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თურნავა: საქართველო მშპ-ის ზრდის მიხედვით რეგიონში ლიდერი გახდება

მან ასევე განხორციელებულ და განსახორციელებელ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

„მოხდა დაცული ტერიტორიების გაფართოება და 2012 – 2020 წლებში დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 288 539 ჰექტარით. განხორციელდა სატყეო სექტორის რეფორმა და მივიღეთ ახალი ტყის კოდექსი. ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის მოვიპოვეთ უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა – კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) საქართველოს გამოუყო 33 მილიონი ევრო. ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, 2017 წლიდან მოქმედებს საწვავის მაღალი სტანდარტი და კონტროლდება მისი ხარისხი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ახალი ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით, შემუშავდა და პარლამენტის მიერ ორი მოსმენით უკვე მიღებულია საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დამტკიცდა ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022 წლებისთვის – ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საკომიტეტო მოსმენა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
ირაკლი ქარსელაძემ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები დაასახელა

„განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში. ევროპული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა და პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა შეინარჩუნა თავისი პოსტი მთავრობაში. ახალი მინისტრთა კაბინეტი პარასკევს წარადგინა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წამოაყენა.

დღეიდან მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს, ასევე 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და ოპოზიციურ ჯგუფებში.

საქართველოს მთავრობის მეთაურის სავარძელი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ხუთშაბათს გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0