ირაკლი ქარსელაძემ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები დაასახელა

© photo: Parliament of Georgia / FB საკომიტეტო მოსმენა
საკომიტეტო მოსმენა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
დეცენტრალიზაცია, მაგისტრალური გზები, წყალმომარაგება და წყალარინება, სკოლების და დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა - სამინისტროს პრიორიტეტებზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა.

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. სამინისტროსთვის მთავარი პრიორიტეტი მაგისტრალური გზების მშენებლობასთან ერთად არის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მიმართულება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს განახლებული მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, 2020 წელს მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელდა.

„დღეს უკვე თბილისიდან ბათუმში ოთხზოლიანი მაგისტრალით შესაძლებელია ოთხ საათში ჩასვლა. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ 2020 წელს მოვახერხეთ და ყველამ ერთად გავხსენით 70კმ-იანი მაგისტრალური გზა, ხაშურის შემოვლითი, ქუთაისის შემოვლითი და ჯაპანა-ლანჩხუთი“, - განაცხადა ქარსელაძემ.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თურნავა: მარტში საქართველოს ეკონომიკაში სიახლეები გვექნება

ქარსელაძემ ასევე მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.

„ამჟამად რიკოთის ყველაზე გამომწვევ მონაკვეთზე ნამდვილად საუკუნის პროექტი ხორციელდება, წელს ვაგრძელებთ ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტის განვითარებას. ეს არის უწყვეტი 9 კმ-იანი საავტომობილო გვირაბი, 15-მეტრიანი დიამეტრის კლდოვან გრუნტებში, ვაგრძელებთ ასევე რეგიონში დამაკავშირებელ გზების მშენებლობას“, - განაცხადა ქარსელაძემ.

მისი თქმით, გრძელდება იმერეთ-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ასევე შენდება საჩხერე-ონის დამაკავშირებელი 51კმ-იანი გზა, რომელიც 2021 წელს დასრულდება. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმანი, ხულო-ზარზმა, ლენტეხი-მესტია და მრავალი სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტი. მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვანია ქალაქების განვითარებისთვისა და მათი საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წლებში 500 მილიონი ლარის მობილიზებისა და ინვესტირების შედეგად წყლის სისტემები 360 ათას ბენეფიციარს გაუუმჯობესდა.

ირაკლი ქარსელაძემ ამ მიმართულებებით 2021 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, წყალმომარაგებისა და წყალარინების კუთხით მიმდინარე წელს 150 დასახლებულ პუნქტში 220 ათას ადამიანს პირველად ექნება ცენტრალიზებული წყალმომარაგება.
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
„ევროპელი სოციალისტები“ ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ

მისი თქმით, გაგრძელდება ასევე რეგიონული ფონდის დაფინანსება და სოფლის პროგრამის განხორციელება, რაც დეცენტრალიზაციის განვითარების, როგორც ევროკავშირში შესვლის გზაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

2021 წელს დასრულდება 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის და ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 16 ათასი ბენეფიციარისთვის.

გარდა ამისა, მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დევნილთა პრობლემებს. პროცესშია 1820 დევნილი ოჯახისთვის შესაბამისი საცხოვრებლების აშენება, რაც ეტაპობრივად 2021-2022 წლებში დასრულდება.

ირაკლი ქარსელაძე რეგიონების მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილს შეცვლის. ახალი მინისტრთა კაბინეტი პარასკევს წარადგინა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წამოაყენა.

დღეიდან მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს, ასევე 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და ოპოზიციურ ჯგუფებში.

საქართველოს მთავრობის მეთაურის სავარძელი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ხუთშაბათს გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0