თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი შეფასებულია და ის საკმაოდ მაღალია, ამიტომ ბიზნესის გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
რესტორნებიდან გატანის სერვისს ვწყვეტთ: რას გეგმავს რესტორატორთა ასოციაცია>>
ქვეყანაში მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების თანახმად, რესტორნებსა და კაფე-ბარებს მუშაობა მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეებში კლიენტების მიღება მხოლოდ აჭარაში გახდა დასაშვები. ამასთან, რესტორნების თანამშრომლებმა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიარონ. რესტორნებისა და კაფეების მხოლოდ ერთ რეგიონში გახსნის გადაწყვეტილებამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. სარესტორნო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი დაუმორჩილებლობაზე ალაპარაკდა.
გუშინ სოციალურ ქსელში „გასტრონავტის" თანადამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა დაწერა, რომ სარესტორნო ბიზნესი მუშაობის განახლებას 6 თებერვალს თვითნებურად გეგმავს.
გაბუნიას თქმით, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესტორანში არის ინფიცირების საკმაოდ მაღალი რისკი, რადგან რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რომელიც დაცვის მთავარი საშუალებაა. ამიტომ შეზღუდვების მოხსნა თანმიმდევრულად მოხდება და რესტორნები ამ რიგში პირველი არაა.
„პირველ რიგში გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აუცილებელი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგ ამას ეტაპობრივად მოჰყვება სკოლა. თუ ჩვენ თანმიმდევრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა. ასეც არის დაგეგმილი“, – თქვა გაბუნიამ.
რესტორნების მფლობელების გადაწყვეტილებას თვითნებურად გახსნის თაობაზე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც.
მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ამა თუ იმ ბიზნესის დროებით დახურვაზე ან გახსნაზე, არის კოლექტიური ნამუშევარი. ერთიანი გადაწყვეტილება მიიღება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც ყველას ხმა არის მოსმენილი.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სრულად იზიარებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომლებიც აქამდე იყო მიღებული და მიმართა რესტორნებს, ნუ გაართულებენ დიალოგს.
„მათი ხმა არის მოსმენილი, მათი ხმა არის გაგონილი და ჩვენ ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით... ერთი კვირის წინ ჩვენ, ეკონომიკურ გუნდს სარესტორნო ბიზნესთან გვქონდა შეხვედრა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მათთან შესახვედრად. მაგრამ სხვა საკითხია, რომ ყოველთვის მათი მოსაწონი არ არის ის გადაწყვეტილება, რაც მიიღება“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, საქართველოში უკვე ძალიან მნიშვნელოვანი დარგები გაიხსნა 1 თებერვლიდან. ეს არის ვაჭრობა მთელი საქართველოს მასშტაბით, აჭარაში მათ შორის სარესტორნო ბიზნესი, საერთაშორისო ფრენები, ვიზიტორების შემოსვლა.
„ერთი მხრივ, ჩვენ ვუყურებთ, ეტაპობრივი გახსნა რა შედეგს მოიტანს, რადგან ნამდვილად არ გვინდა, ერთი თვის თავზე კვლავ დასაკეტი იყოს მოლები, მაღაზიები, რესტორნების გახსნა გადაიდოს. მეორე მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბიზნესი ამოქმედდეს და ამოისუნთქოს“, – თქვა თურნავამ.
გასულ კვირაში თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის ყოველდღე იმართებოდა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნას მოითხოვდნენ. ქუჩაში გამოვიდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, ანიმატორები, რესტორატორები, კურიერები, ფიტნეს-ცენტრების მფლობელები და რიგითი მოქალაქეები. მათ ჰქონდათ ერთი მოთხოვნა: „არ გვსურს გაკოტრება ან შიმშილით სიკვდილი, მოგვეცით მუშაობის საშუალება“.