17:04 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
2642 0 0

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი, რომლის თანახმად, უხარისხო საწვავის განმეორებით შემოტანის ფაქტზე დამნაშავეს შესაძლოა სამ წლამდე ვადით პატიმრობა შეეფარდოს

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო-5“-ის სტანდარტის შემოღება, რომელიც 2021 წლის 1 იანვარს იყო დაგეგმილი, მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის 1 იანვრამდე გადადეს.

ახალი სტანდარტების ამოქმედება იყო დაგეგმილი 2020 წლის 1 იანვრისთვის, თუმცა ბიზნეს-გაერთიანებების თხოვნით სიახლის ძალაში შესვლა გადადეს. ამ ეტაპზე საქართველო ახორციელებს „ევრო-4“-ისა და „ევრო-5“-ის სტანდარტის დიზელის საწვავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბენზინის ხარისხობრივი მაჩვენებლები ეტაპობრივად უმჯობესდება და, დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, 2019 წლიდან შეესაბამება „ევრო 4-ის სტანდარტს, რაც გოგირდის მცირე შემცველობას გულისხმობს.

ატმოსფერულ ჰაერს ძირითადად აბინძურებენ ავტომობილები და საწვავის ხარისხის მაჩვენებელი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია ეკოლოგიური სიტუაციის შეფასებისას, ამიტომ საწვავის ხარისხის გაუმჯობესება დაბინძურების შემცირებას შეუწყობს ხელს. გაუმჯობესდება წვის პროცესი ავტოსატრანსპორტო საშუალებებში. შედეგად, შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის, მყარი ნაწილაკებისა და ნახშირჟანგის გაფრქვევები.

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ საწვავის ხარისხზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ინიციატივით, სანქციები მკაცრდება უხარისხო ბენზინის ან დიზელის საწვავის საქართველოში იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე.

ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ჯარიმების გაზრდას, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებასაც.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი, რომლის თანახმად, უხარისხო საწვავის განმეორებით შემოტანის ფაქტზე დამნაშავე ისჯება ჯარიმითა და ორ წლამდე გამასწორებელი სამუშაოებით ანდა სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მთავარი თემები