07:52 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (905)
125510

საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით თბილისსა და მოსკოვს შორის დროებითი ჩარტერული რეისები დაინიშნა.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ქართული ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველად ასრულებს ჩარტერულ რეისებს თბილისიდან მოსკოვში ერევნის გავლით. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ავიაკომპანიაში აცნობეს.

როგორც ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რეისები შესრულდება პარტნიორ კომპანია Aircompany Armеnia-სთან თანამშრომლობით.

„ეს დროებითი ფრენებია, დანიშნული საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი რეისი ხვალ, 15 იანვარს არის დანიშნული. მომავალშიც შესრულდება თუ არა მსგავსი რეისები, ჯერ არ ვიცით“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და საავიაციო კავშირი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეაჩერა. საქართველოს მთავრობამ უკვე რამდენჯერმე გადაიტანა რეგულარული საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლის განახლების თარიღი. ბოლო გადაწყვეტილების თანახმად, საავიაციო კავშირის აკრძალვა 2021 წლის 31 იანვრამდე მოქმედებს.

ამ მომენტისთვის საქართველო დახურულია რუსეთის მოქალაქეებისთვის. რუსეთიდან საქართველოში მოსახვედრად აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის ფლობა ან საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეუღლის ყოლა. რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ ავიარეისებს, ისინი 2019 წლის ზაფხულში გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული დემონსტრაციების გამო შეწყდა. ამის შემდეგ ავიაკომპანიებმა ქვეყნებს შორის ფრენების შესრულება სატრანზიტო გზებით დაიწყეს – ერევნისა და სტამბულის გავლით.

საქართველოში შემოსვლის წესები

მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ჩამოდიან, ასევე მათი ოჯახის წევრები, თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ რვა დღის განმავლობაში. მათ საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის პასუხი. თუ მგზავრს ეს საბუთი არ ექნება ხელთ, მას მოუწევს თვითიზოლაციის დაცვა 12 დღის განმავლობაში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თვითიზოლაციის დაცვის შესაძლებლობა არ გააჩნია, მას კარანტინის ზონაში მოათავსებენ.

ეს წესები მოქმედებს ესპანეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, შვედეთის, ხორვატიის, იტალიის, კვიპროსის, სლოვენიისა და ისლანდიის მოქალაქეების მიმართ.

თვითიზოლაციისა და კარანტინის წესები არ ვრცელდება საქართველოში ჩამოსულ უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ დელეგაციათა წევრებზე. მათ უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის პასუხები სასაზღვრო პუნქტებზე.

კარანტინი არ ეხება ასევე გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებს, ასევე ამ ქვეყნებში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს. მათაც თან უნდა ჰქონდეთ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის პასუხები ან ტესტირება საკუთარი ხარჯით გაიარონ. ამ კატეგორიის მოქალაქეებს კარანტინის გავლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ სოციალურ ელექტრონულ ანკეტაში, რომელსაც გამგზავრებამდე ავსებენ, მითითებულია, რომ ევროკავშირის ზემოხსენებული ხუთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმგზავრეს.

ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლა არ ეზღუდებათ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, პირებს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან ჰუმანიტარული მისიით, თუ ასეთი მისიის შესრულება აუცილებელია (ექიმები, მოხალისეები), მძღოლებს, რომლებიც საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილეობენ, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების პერსონალს და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებს.

ვის და როგორ შეუძლია რუსეთში მოხვედრა

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, 2021 წლის 1 იანვრიდან ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ჩინეთისა და კიდევ 47 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა და პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლიათ ელექტრონული ვიზით.

ელექტრონული ვიზა, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, არ ავალდებულებს პირს, პირადად გამოცხადდეს ადგილზე. ის ინტერნეტით ფორმდება. მის მისაღებად უცხოელმა, სულ მცირე, ოთხი კალენდარული დღით ადრე უნდა შეავსოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სპეციალური ფორმა და მიამაგროს მას პასპორტის მონაცემები და ფოტოსურათი. ასეთ მგზავრს არც მოსაწვევი, არც სასტუმროს ჯავშანი ან სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც მგზავრობის მიზანს ადასტურებს, არ მოეთხოვება. თუ განცხადებაში შეცდომა ან არაზუსტი მონაცემები აღმოჩნდება, დოკუმენტებს შესაბამისი მითითებებით უკან დააბრუნებენ.

ერთიანი ელექტრონული ვიზა ერთჯერადია. მისი მოქმედების ვადა გაფორმების დღიდან 60 დღეს შეადგენს.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (905)

მთავარი თემები