თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით) იზრდება.
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის საკითხი დღეს სემეკის სხდომაზე გადაწყდა. კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
დედაქალაქში მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1 იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.
კერძოდ, „თელასის“ ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (დღგ-ის ჩათვლით) შემდეგი იქნება:
- 100 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ მოხმარებული ენერგიის ფასი – 18.041 თეთრი,
- 101 კვტ/სთ-დან 300 კვტ/სთ-ის ჩათვლით – 22.053 თეთრი,
- 301 კვტ/სთ-დან და მეტი – 26.537 თეთრი.
მოსახლეობასთან ერთად ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვისაც იზრდება. მათთვის ტარიფი დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.
გახარია: წყლის გაზრდილ ტარიფს სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს>>
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან დენის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვისაც ასევე 3,5 თეთრით იზრდება.
კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ის ჩათვლით) შემდეგი იქნება:
- 100 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ მოხმარებული ენერგიის ფასი – 17.731 თეთრი,
- 101 კვტ/სთ-დან 300 კვტ/სთ-ის ჩათვლით – 21.707 თეთრი,
- 301 კვტ/სთ-დან და მეტი – 26.227 თეთრი.
რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფს, ამ შემთხვევაშიც ტარიფი საშუალოდ 11 თეთრით გაიზარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს. კერძოდ, გაზრდილი ტარიფი სრულად დაიფარება ელექტროენერგიის თვეში 300 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის.