18:55 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (898)
213 0 0

უმუშევრობის დონე საქართველოში 2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ უმუშევრობის დონის დათვლის ახალ სტანდარტზე გადავიდა და კორექტივები ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებშიც შეიტანა, რომლის მიხედვით უმუშევრობის დონემ 2020 წლის მესამე კვარტალში 17% შეადგინა, რაც 5,1 პროცენტული პუნქტით მეტია მიმდინარე წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ძველი სტანდარტით შედგენილ მონაცემებზე, ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

უმუშევრებს ახლებურად ითვლიან

ახალი სტანდარტების მიხედვით, რომელიც ოფიციალურად 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა, მეთოდოლოგია თვითდასაქმებულთა განყოფილების გადაკვალიფიცირებას გულისხმობს. „საქსტატი“ ბოლო დრომდე უმუშევრებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1982 წელს შემუშავებული სტანდარტით ითვლიდა.

ამიერიდან თვითდასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან საკუთარ მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც პროდუქციის ნახევარზე მეტს საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ.

ახლა ისინი ჩაითვლებიან ან უმუშევრებად, ან „მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ“.

უფრო ადრე „საქსტატში“ განაცხადეს, რომ დათვლის ახალი სტანდარტის დაწესება დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირებასა და უმუშევართა დონის მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევდა.

სტატისტიკის სამსახურმა უმუშევრობის მონაცემები ახალი სტანდარტით 2010 წლიდან განაახლა. ახალი მონაცემებით, უმუშევრობის დონე 2010 წელს 27,2% იყო, მაშინ, როდესაც ადრე ეს მაჩვენებელი 9,8 პროცენტული პუნქტით ნაკლებს, ანუ 17,4%-ს შეადგენდა.

უმუშევრობა ციფრებში

ახალი სტანდარტებით, უმუშევრობის დონე საქართველოში 2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17% შეადგინა.

  • საქართველოში უმუშევრობის დონეს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულებისა და უმუშევრების რაოდენობის შეფარდების საფუძველზე ითვლიან.

„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე სოფლის მოსახლეობაში, ქალაქთან შედარებით, ნაკლებია – 2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა ქალაქებში 1,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამავე დროს სოფლებში ეს მაჩვენებელი 2,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ტრადიციულად, უმუშევრობის დონე მამაკაცთა შორის უფრო მაღალია – 2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი მამაკაცებს შორის 1,4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალებს შორის 1,5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ეკონომიკურად აქტიურია 15 წლისა და მასზე უფროსი ადამიანი, რომელიც მუშაობს, ან თავის შრომას სთავაზობს. ამასთან, უმუშევრად ჩაითვლება ის, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში მას არ შეუსრულებია სამუშაო, ეძებდა სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და მზადაა დაიწყოს მუშაობა უახლოეს ორ კვირაში.

მოსახლეობის აქტიურობა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ეკონომიკურად აქტიურია მოსახლეობის 50,3%.

„აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.6 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.1 პროცენტული პუნქტით“, – ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

დაქირავებულთა წილი 2020 წლის III კვარტალში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 66.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აქტიურობის დონე უფრო მაღალია მამაკაცებში. 2020 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.2 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 61.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 2.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობა გაიზრდება

ექსპერტი შრომის საკითხებში მიხეილ კორძახია მიიჩნევს, რომ ვითარება შრომის ბაზარზე მომავალში გაუარესდება და უმუშევრობის დონე უახლოეს თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება.

„ახლა ჩვენთან შრომის ბაზარზე კრიტიკული სიტუაციაა და უახლოეს თვეებში, სავარაუდოდ, უფრო გაუარესდება... ასეთი ვითარება მარტო საქართველოში არაა. მსოფლიოში ამჟამად ბიზნესისთვის სრული კატასტროფაა, ხოლო ადგილების შესანარჩუნებლად ჯერ თვითონ ბიზნესი უნდა გადარჩეს“, – განუცხადა კორძახიამ „Sputnik–საქართველოს“.

ხელისუფლება მოქალაქეების დასაქმების პრობლემის გადასაწყვეტად სხვადასხვა ნაბიჯს დგამს და ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას.

საქართველოში 2020 წლის 1 იანვრიდან მუშაობა დაიწყო ცალკე უწყებამ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ. სააგენტო შუამავლის როლს ასრულებს დასაქმების მსურველსა და ბიზნესს შორის. ის აღრიცხავს მუშაობის მაძიებლებს, სწავლობს შრომის ბაზარს და ამ ბაზრის საკითხებზე რეკომენდაციებს გასცემს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (898)

მთავარი თემები