რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით: ბოლო ცნობები

გამოწერა
საპენსიო რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი გრძელვადიანია და მოქალაქეების საპენსიო ასაკში უზრუნველყოფას გულისხმობს, მეორე – კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. 17 დეკემბრის მონაცემებით, დაგროვებული პენსიით უკვე 591-მა ადამიანმა ისარგებლა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე.

მათ შორის, ვინც დაგროვებული პენსიით ისარგებლა, 258-მა მოქალაქემ დაგროვილი თანხა მიიღო საპენსიო ასაკის შესრულების საფუძველზე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით – 250-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა 82-მა პირმა. 

საპენსიო ფონდის დირექტორი გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
საქართველოს საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს

სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილეთა რიცხვი დღითი დღე იზრდება – თვეში საშუალოდ 12 ათასი ადამიანით. ამ დროისათვის სქემაში 1 102 695 ადამიანია რეგისტრირებული.

საპენსიო აქტივებზე საპროცენტო დარიცხვებმა უკვე 113 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 10.9%-ში.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდებათ – საშუალოდ წლიური 7%-ით.

დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.

ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიის მოცულობამ 1,08 მლრდ ლარს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0