თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველომ 65.7 მილიონი დოლარის ღირებულების დაახლოებით 12,7 ათასი ტონა თხილი გაიტანა ექსპორტზე, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 3,5 ათასი ტონით (38%) აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 19.7 მლნ დოლარით (43%) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (3.641 ტონა), იტალიაში (2.830 ტონა), ჩეხეთში (616 ტონა), ლიეტუვაში (355 ტონა), პოლონეთში (354 ტონა), ესპანეთში (352 ტონა), ბულგარეთში (322 ტონა), საფრანგეთში (240 ტონა), ლატვიაში (106 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლუქსემბურგი (84 ტონა), ბელგია (44 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე მეზობელ ქვეყნებშიც – სომხეთში (703 ტონა), რუსეთში (540 ტონა), თურქეთში (530), ბელარუსში (362 ტონა), უკრაინაში (212 ტონა) და ა.შ.
2020 წელს თხილის მოსავალი 50 ათას ტონას შეადგენს, თხილის გადამუშავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული.