13:42 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
75 0 0

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებზე შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო, რადგან იქ ეპიდაფეთქების საფრთხე არსებობდა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. იმ დროს, როდესაც ახალი კორონავირუსით მოსახლეობის დღიური ინფიცირების მაჩვენებელი თუნდაც თბილისში აჭარბებს 1000 ადამიანს, წარმოუდგენელია, რომ ზამთრის კურორტებზე არ მოხდეს ეპიდემიის აფეთქება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსტავი 2“-ის ეთერში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს, სასტუმროებს კლიენტების მიღება აეკრძალათ, ხოლო საბაგიროები, სათხილამურო ტრასები, რესტორნები და კაფეები დაიკეტა.

„ზამთრის კურორტები აგენერირებს ძალიან დიდ მობილობას. ზამთარში ყველაზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს ბაკურიანს, გუდაურს. ეს არის არა უბრალოდ ოჯახები, ვინც გადის დასასვენებლად, არამედ მოთხილამურეები თავის ოჯახებთან ერთად დამატებითი კონტინგენტია და აქედან გამომდინარე, არანაირი გარანტია, რომ იქ არ გავრცელდება ვირუსი, არ არსებობს“, - აღნიშნა მინისტრმა.

თურნავას თქმით, ბევრი მაგალითი არსებობს ევროპული ქვეყნების, სადაც ინფიცირების ახალი ტალღა პერიოდულად სწორედ ზამთრის კურორტებიდან მოდიოდა, ამიტომაც ინფექციის გავრცელების რისკი საქართველოს ზამთრის კურორტებზეც არსებობს.

მინისტრმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ტურისტულ ინდუსტრიას მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო დახმარება  გაეწია.

„ახლა, ბოლო პაკეტი რაც არის ტურისტული ინდუსტრიის დახმარების, ეს არის ის, რომ 4 თვის ქონების გადასახადი, რომელიც გადავუვადეთ 2020 წელს ჩამოეწერათ, მთელი 2021 წელი ეპატიათ უკვე წინასწარ ქონების გადასახადი, გარდა ამისა, მოქმედებს ჩვენი პროგრამა, რომელიც 12 თვის განმავლობაში ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირებას ითვალისწინებს. ახლა გავაფართოვეთ პროგრამა და რესტორნებიც ჩავრთეთ“, - აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს არ არის ჩანაცვლება სრულფასოვანი სეზონის, მაგრამ სრულფასოვანი ზამთრის ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში ვერ ჩატარდებოდა და ეს ძალიან კარგად ესმით თავადაც სასტუმროებსაც. თუმცა, მისი თქმით, სასტუმროების მეპატრონეებთან დიალოგის რეჟიმი გაგრძელდება.

„თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მეტი დახმარება და თანადგომა დასჭირდებათ და მათთან ერთად დიალოგის რეჟიმში გამოვკვეთავთ იმ პრობლემატიკას, რაზეც შეიძლება ცალკე ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონში მდებარეობს: გუდაურში (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები