09:44 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (181)
87 0 0

წლის ბოლომდე ქართულ და უცხოურ ავიაგადამზიდავებს რეგულარული ფრენების გაგრძელების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში შეზღუდვები საერთაშორისო რეგულარულ ავიამიმოსვლაზე 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა. ინფორმაცია ამის თაობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ ნოემბრის თვეში რამდენიმე რეისი გააუქმა>>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები დაკეტა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა და ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოს მთავრობამ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღი უკვე არაერთხელ გადადო.

„საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, – ნათქვამია ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტო ამავდროულად აღნიშნავს, რომ შეზღუდვები რეგულარულ ავიაფრენებზე არ ვრცელდება პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აკავშირებს მიუნხენის, პარიზის, რიგის, დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინისა და მილანის აეროპორტებთან.

შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება იმ რეგულარულ რეისებზე, რომლებიც იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის, კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის აეროპორტებს შორის.

ავიაცია პანდემიის დროს

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. საქართველოდან და ქვეყანაში სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად.

ზაფხულის შუა პერიოდში აღდგა რეგულარული რეისები მიუნხენში, პარიზსა და რიგაში. ოქტომბრის დასაწყისში ლოუკოსტერმმა Wizzair განაახლა რეგულარული რეისები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით, ხოლო ნოემბრიდან რეგულარული რეისების აღდგენა კიდევ 12 ქალაქში დაიგეგმა.

კორონავირუსის გავრცელების მხრივ სიტუაციის გაუარესების გამო დაგეგმილი ავიარეისების გაუქმება ან გარკვეული დროით გადადება მოუწია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ავიაკომპანიებს.

საქართველოში შემოსვლის ახალი წესები

საქართველოს მთავრობამ უცხოელებისთვის კარანტინის წესები შეცვალა და ახლა უცხოეთისა და საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საკარანტინო ზონებში აღარ მოხვდება.

ახალი წესების მიხედვით, საქართველოს იმ მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც ევროპის 13 ქვეყნიდან ჩამოვლენ, არ მოუწევთ კარანტინის გავლა, თუ ექნებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი.

საუბარია ევროპის 13 ქვეყანაზე: ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია და ისლანდია.

საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები ასეთი ტესტის შემთხვევაში გადავლენ თვითიზოლაციაში მხოლოდ რვა დღით. თუ მოქალაქეს ტესტი არ ექნება, მისთვის კარანტინი სავალდებულოა.

იგივე ეხება ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს და მათ, ვისაც ამ ქვეყნებში ცხოვრების უფლება აქვთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ ქვეყნებიდან საჰაერო გზით ჩამოვლენ.

უცხოელი სტუდენტებისთვის კი კარანტინი სავალდებულო იქნება კორონავირუსზე ტესტის არსებობის შემთხვევაშიც. ამასთან, კარანტინის ხარჯებს ისინი თავად დაფარავენ.

თბილისიდან რიგასა და პარიზში ნოემბრიდან რეგულარული ფრენები დაიწყება>>

ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება სექტემბრიდან მკვეთრად გაუარესდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 93 093 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა თითქმის 74 ათასი და გარდაიცვალა 853 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (181)

მთავარი თემები