20:07 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (831)
68 0 0

არსებული პრაქტიკით, ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსდა, ნათქვამია სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, ეს იქნება ვიკინგური ტიპის გემი, რომელიც თურქეთის ქალაქ ტრაპზონში აშენდება. გემი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ქისა ბადით, ეს უკანასკნელი კი  განკუთვნილია შავი ზღვის ძირითად რესურსზე - ქაფშიაზე (იგივე ხამსა) სათევზაოდ.

მეთევზე გოჩა ლაბარტყავას განცხადებით, საქმიანობის დაწყების შემდგომ კომპანია 18 ადამიანს დაასაქმებს, წლიური წარმოების მოცულობა კი, მისი გათვლებით, 4 ტონაზე მეტი იქნება. 

მეთევზე სამომავლოდ ქაფშიას შესანახი მაცივრის გაკეთებასაც გეგმავს და დეფიციტურ თვეებში მის ექსპორტს თურქეთში განახორციელებს.

მეთევზე „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში გემის ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 158 182 ლარი იქნება.

ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა 27 ოქტომბერს, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში პირველად დაფინანსდა.

დოკუმენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის გაფორმდა.

პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის მიმართულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი მუშაობის შედეგად  დაემატა.

სააგენტოში ფიქრობენ, რომ პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

„პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს  3%-იანი თანადაფინანსების შესაძლებლობას. ასევე, შესაძლებელია გემის ლიზინგი, რომლის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმი ხორციელდება.“- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.  

ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ, დღეს კი მისი სრულად ათვისება ვერ ხორციელდება.

არსებული პრაქტიკით, ქართველი ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას, ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია.

„დღეს 30 სეინერი (თევზსაჭერი გემი) გვყავს, რომელზეც 500-მდე მეთევზე-მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა გემები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. გემების დაბალი საიმედოობის და წარმადობის გამო მეთევზე-მეზღვაურთა სათანადო დონეზე და ტექნოლოგიებზე გადამზადებაც ვერ ხერხდება“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (831)

მთავარი თემები