02:24 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (777)
6110

კრედიტი მთავრობას დაეხმარება ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და სანიტარიის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაში

თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 133 მილიონი ევრო გამოუყო, რაც ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალანირების მომსახურების გაუმჯობესებას, ასევე მთავრობას სექტორის განვითარებისთვის კომპლექსური მიდგომის შემუშავებაში დაეხმარება, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

შესაბამის შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა.

საქართველოში წყალმომარაგება დღეში 4-დან 24 საათამდე მერყეობს, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 64%-ს წყალი ონკანით მიეწოდება; ქალაქის მოსახლეობის 84%-სა და სოფლად მცხოვრებთა 20%-ს მიუწვდება ხელი კანალიზაციაზე; და მთელი მოსახლეობის მხოლოდ 36% სარგებლობს წყალარინების გამწმენდი სისტემით.

ხელშეკრულების ფარგლებში ADB გამოუყოფს საქართველოს 115 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს და 17,7 მილიონი ევროს ოდენობით ინვესტიციას განახორციელებს.

საქართველოსთვის განკუთვნილი კრედიტი ოქტომბრის დასაწყისში დამტკიცდა. ის მთავრობას დაეხმარება, განავითაროს ერთიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების პოლიტიკა, რომელიც თანაბრად დაფარავს ქალაქებსა და სოფლებს. სესხი ასევე დაეხმარება სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებას, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და კერძო სექტორის ჩართულობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს გააძლიერებს ადგილობრივი მმართველობებისა და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (United Water Supply Company of Georgia  – UWSCG) შესაძლებლობებს ქალაქებსა და სოფლებში არსებული საჭიროებების სათანადო შესრულებისთვის.

პროექტისთვის გამოყოფილი კრედიტი განკუთვნილია UWSCG-ს სიმძლავრეებისა და აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურებისთვის. ეს ასევე დაეხმარება მთელ ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მომზადებას. თელავში, რეგიონულ ცენტრში, სადაც წყალი დღის განმავლობაში დაახლოებით 4 საათით მიეწოდება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახალი რეზერვუარებისა და ჭაბურღილების მოწყობა საბოლოო ჯამში 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. ასევე გაიზრდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელში ჩართული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა, ხოლო გამრიცხველიანება არსებული 40%-დან 100%-მდე გაიზრდება.

ADB ასევე განახორციელებს 250 000 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკურ დახმარებას, რომელიც საქართველოს ცალკეულ ქალაქებში ქონების მართვის სისტემას წყალმომარაგების მაღალი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს. აღნიშნული თანხიდან 225 000 აშშ დოლარი ADB-ს მაღალი ტექნოლოგიების ფონდიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენ 25 000 აშშ დოლარს მთავრობა გაიღებს.

ADB საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესებაში 2011 წლიდან ეხმარება, მას შემდეგ, რაც UWSCG-ს 500 მილიონ დოლარამდე მულტიტრანშული სესხი გამოუყო. ამან გაზარდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისებზე წვდომა ქვეყნის 12 ქალაქში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ადამიანისთვის.

მიმდინარე წლის ივლისში ADB-მ Georgia Global Utilities-ის (GGU) მიერ პირველად გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში 40 მილიონი დოლარის ინვესტირების შესახებ განაცხადა, რომლის ამონაგები თანხა მოხმარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას თბილისსა და ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში და მოახდენს განახლებადი ენერგიისა და წყლის ოპერირების ვალის რეფინანსირებას. GGU-ს შვილობილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (Georgian Water and Power LLC – GWP) საქართველოში ყველაზე დიდი კერძო კომუნალური მომსახურების კომპანიაა, რომელიც დაახლოებით 1.4 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, ნათქვამია განცხადებაში.

ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.

ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გამოყოფილი ვალის საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (777)

მთავარი თემები