სამსონ ხონელი
ოქტომბრის პირველი რიცხვიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ბლუმბერგის ახალ, Bmatch-ის პლატფორმაზე გამართული სავაჭრო გარიგებებით დგინდება... კი, მაგრამ სიახლის არსი რაშია? − ჩამეძიება მკითხველი და განვმარტავ, ეროვნული ბანკმა სავალუტო ბაზრის მონაწილეებს ბლუმბერგის ახალი პლატფორმა შესთავაზა, რაც რეფორმის ნაწილია, რომელიც სავალუტო ბაზრის მონაწილეების საქმიანობის ახალ წესს მოიცავს. რეფორმამდე ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, იმავე ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში გამართული, სავალუტო ბაზარი განსაზღვრავდა. ვაჭრობაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა საქართველოში ლიცენზირებულ ყველა კომერციულ ბანკსა და უცხოური ბანკების იმ ფილიალებს, რომლებსაც მათივე მოთხოვნის საფუძველზე, ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული ჰქონდათ „მონაწილე ბანკის“ სტატუსი.
კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, ადრე არსებული სისტემით კომპანია, იმის მიხედვით, მას უცხოური ვალუტის ყიდვა სურდა თუ გაყიდვა, უკვაშირდებოდა ერთ ან ერთდროულად რამდენიმე კომერციულ ბანკს, ინტერესდებოდა გაცვლითი კურსით და შესაბამის შეთავაზებას იღებდა. შემდეგ გარიგების პირობაზე თანხმდებოდა. ვაჭრობის ძირითადი მოცულობა ბანკსა და მის კლიენტს შორის დადებულ გარიგებაზე მოდიოდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მათი ინიციატივით ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში შეიქმნა ლარი-დოლარის Bmatch პლატფორმა, რაც მიზანად ისახავს, ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემით, საფინანსო ინსტიტუტების გარდა, დამატებით, კიდევ სხვა კომპანიებმაც ისარგებლონ. კობა გვენეტაძის თქმით, ყველა ის მსხვილი კომპანია, რომელსაც ბლუმბერგის ტერმინალი ექნება, ამ პლატფორმაში პირდაპირ ჩაერთვება და მისი საშუალებით შეძლებს იყიდოს და გაყიდოს უცხოური ვალუტა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე: „სავალუტო ბაზრის რეფორმამდე კომპანიებს სავალუტო გარიგებაზე შეთანხმება ბანკებთან უწევდათ და ასეთი ბანკების წრე იმ კომპანიებით შემოიფარგლებოდა, სადაც მათ ანგარიში აქვთ გახსნილი. ახლა უკვე ყველა კლიენტს თავისი სურვილისამებრ საშუალება აქვს, რომ მომსახურე ბანკს მისი განაცხადის Bmatch-ზე განთავსება დაავალოს. პოტენციური გარიგების დამდები იქნება ნებისმიერი სხვა კომპანია, კომერციული ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ასეთ პირობებში, ვაჭრობის კონკრეტულ მომენტში, საუკეთესო ფასად თანმხვედრი განაცხადის ალბათობა გაცილებით მაღალი იქნება...“
ახალი სისტემით, კომპანიას მომსახურე კომერციულ ბანკთან ვაჭრობის ნაცვლად შეუძლია, მას პლატფორმაზე განაცხადის დადება დაავალოს. განაცხადს ბლუმბერგის Bmatch ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში რეგისტრირებული კომპანიების, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემხვედრი განაცხადები დახვდება. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ შედეგად, ვაჭრობაში მონაწილეობას უფრო მეტი მხარე მიიღებს და, რაც მთავარია, გარიგება დაიდება იმ მომენტისთვის სავალუტო ბაზარზე არსებული საუკეთესო კურსით. კობა გვენეტაძის უწყებაში ახალი სისტემის უპირატესობაზე მიანიშნებენ − ვაჭრობა გაცილებით მეტ მონაწილეს შეუძლია;
კომპანიებს ვაჭრობა პირდაპირ საკუთარი ტერმინალით ან არაპირდაპირ კომერციული ბანკის მეშვეობით შეუძლიათ; უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებული უფრო მეტი სუბიექტის ერთ პლატფორმაზე თავმოყრა ზრდის ლიკვიდობას და ამცირებს ე/წ. სპრედებს; ინფორმაცია ბაზარზე არსებული საუკეთესო კურსების შესახებ ამ პლატფორმის მეშვეობით უფრო მეტად ხელმისაწვდომი ხდება და ბოლოს, ამ სისტემაში განთავსებული განაცხადები გარიგების დადებამდე ანონიმურია, არ ჩანს, ვინ ყიდის თუ ყიდულობს ვალუტას. სამაგირეოდ ჩანს საუკეთესო კურსები და ამ კურსით გარიგების დადება ყველას შეუძლია.
ერთი სიტყვით, Bmatch-ის პლატფორმის მეშვეობით მსხვილი კომპანიები სავალუტო ბაზარზე კომერციული ბანკების გარეშე შეძლებენ ვაჭრობას. მათ ექნებათ არჩევანი, ან თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით, ან განაცხადები კომერციული ბანკის დახმარებით განათავსონ პლატფორმაზე. შედეგად, ისინი აღარ იქნებიან შეზღუდული გარიგებების ერთ კომერციულ ბანკთან დადებით, არამედ ივაჭრებენ იმ კომერციულ ბანკებთან ან კომპანიასთან, რომელიც უკეთეს ფასს შესთავაზებს.
ერთი სიტყვით, კომპანიებს შეუძლიათ, რომ ვალუტით კომერციული ბანკების გვერდის ავლით ივაჭრონ. საინტერესოა, რა გავლენა ექნება ამას საბანკო სექტორის შემოსავლებზე. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ რეფორმის შედეგად შემცირდება სავალუტო სპრედები, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა. ეს კომერციული ბანკების შემოსავალების შემცირებას გამოიწვევს. ამავე დროს, როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში ელიან, სავალუტო ვაჭრობისას გაზრდილი გამჭვირვალობა და ბაზარზე მეტი ლიკვიდობა, კიდევ უფრო მეტ მონაწილეს მოიზიდავს. შედეგად, ბაზრის ამ სეგმენტზე ბრუნვები დროთა განმავლობაში გაიზრდება, რაც დააკომპენსირებს რეფორმის პირველ ეტაპზე საბანკო სექტორში შემოსავლების შემცირებას.
რამდენიმე დღის წინათ ვწერდი, რომ სავარაუდოდ, მკითხველს ნაკლებად აღელვებს, სად და როგორ ყალიბდება ლარის კურსი... მისთვის შედეგია მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ამ სიახლეს სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს, კერძოდ, როგორ აისახება ის ლარის კურსზე?
კობა გვენეტაძის თქმით, ახალი სისტემით, გაცვლითი კურსი კიდევ უფრო „რეპრეზენტატული გახდა“... საინტერესოა, რა იგულისმება ამ „რეპრეზენტატულობაში“ და რეალურად რა გავლენა ექნება მას ლარის კურსზე. ეროვნული ბანკის განცხადებით, ამ რეფორმას ლარის კურსზე რაიმე არსებითი გავლენა არ ექნება, მაგრამ Bmatch-ზე დადგენილი კურსი ბევრად ზუსტად ასახავს სავალუტო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას... ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში უფრო მეტი სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას.
სხვისი არ ვიცი, მე კი მგონია, რომ ამ სიახლით, ეროვნული კურსის განსაზღვრისას მცირედით მაინც შემცირდება კომერციული ბანკის ე.წ. ფასნამატის წილი, ანუ თუკი კომერციული ბანკი სავალუტო ბაზარზე ადრე ერთ ამერიკულ დოლარს, პირობითად 3.25 ლარად ყიდულობდა და შემდეგ დოლარის შეძენის მსურველ კომპანიაზე ერთი, ორი ან შესაძლოა, მეტი ერთეულით ძვირად ყიდდა, ახლა ეს კომპანია თავად შეძლებს იმავე კურსის ფარგლებში ივაჭროს და არ იყოს საბანკო სექტორის ნების შემხედვარე... როგორ და რამდენად აისახება ეს კონკრეტულ ციფრებში, ამას დრო გვიჩვენებს...