00:45 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ლარის კურსის დაცემა (35)
57 0 0

მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა, საქართველო ნორმალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებშია, მიაჩნია გიორგი გახარიას.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვთ, რათა ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ და სწრაფ ზეგავლენას მოახდენს ლარის კურსზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

სექტემბრის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 8,5%-ით გაუფასურდა. სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციისთვის ეროვნულმა ბანკმა ექვსი თვის განმავლობაში 15 აუქციონი ჩაატარა, რა დროსაც 400 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

გახარიას თქმით, ზაფხულში, როდესაც კორონავირუსის პირველი ტალღა იყო, ლარის მკვეთრი გაუფასურება მოხდა, თუმცა შემდეგ ლარის კურსი ნორმის ფარგლებს დაუბრუნდა.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის და, პირველ რიგში, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც, ეს ძალიან კარგად გვესმის, გაცნობიერებული გვაქვს. რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად გლობალური კრიზისისა, საქართველო ნორმალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებშია“, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან.

გახარიამ ლარის კურსზე საუბრისას აღნიშნა, რომ საჭიროა ყველამ გაითვალისწინოს რამდენიმე ფაქტორი – გლობალური კრიზისი, კორონავირუსის ეპიდემია და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს მიაჩნია, რომ ლარის კურსზე ზეგავლენას უარყოფითი მოლოდინები ახდენს.

„რაც შეეხება ფასების ზრდას, ვფიქრობ, ეროვნული ბანკი ძალიან კარგად ართმევს თავს. ინფლაციას კლებადი ხასიათი აქვს და, ვფიქრობთ, წლის ბოლოსთვის 4%-ზე ნაკლები იქნება“, – განაცხადა კაკაურიძემ ჟურნალისტებთან.

ამასთან მან განმარტა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვი იმისთვის, რათა მართოს ლარის კურსი.

„ჩვენ საკმაოდ დიდი რესურსი მოვიზიდეთ წელს – დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი, რაც ეროვნულ ბანკს აძლევს საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში ბაზარს ვალუტა მიაწოდოს. ვალუტის მოცულობასა და საჭიროებების შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იღებს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია. 

„არჩევნების წინ ბაზარზე დიდი ოდენობით თანხა გამოდის, რადგანაც ყველა პოლიტიკური ძალა რეკლამასა და სხვა საქმეზე საკმაო ოდენობის თანხას ხარჯავს. მეორე მომენტი – მოსავლის აღების პერიოდია, და, რა თქმა უნდა, ბევრი ფული გამოდის, რაც ლარის გაუფასურებას იწვევს... მთლიანობაში, შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს არ აწყობს ლარის კურსის ვარდნა, ეს ხელისუფლებაა“, – განუცხადა ძაბირაძემ გაზეთ „რეზონანსს“.

მისი თქმით, ხელისუფლებას ზემოქმედების სხვა სადავეები არ აქვს გარდა იმისა, რასაც აკეთებს და მას იმედი აქვს, რომ ამ თვეში ეკონომიკური ვითარების მკვეთრი გაუარესება არ მოხდება.

თემები:
ლარის კურსის დაცემა (35)

მთავარი თემები