ყურძნის ფასს თავისუფალი ბაზარი ადგენს – პასუხი ქართველ მევენახეებს

გამოწერა
კახეთში, სადაც რთველი უკვე სრული მასშტაბით მიმდინარეობს, პარალელურად საპროტესტო აქციაც ეწყობა. ფერმერები ყურძნის ფასით უკმაყოფილო არიან.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ყურძნის ფასს თავისუფალი ბაზარი ადგენს და არა სახელმწიფო, განაცხადა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ კახეთში უკმაყოფილო ფერმერების საპროტესტო აქციის პასუხად.

„რთველი 2020“: ფერმერები ყოველდღიურად 10 ათას ტონამდე ყურძენს აბარებენ>>

ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მევენახეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და „საფერავის“ ჯიშის ყურძენზე ფასის მომატება მოითხოვეს.

სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვამ კახეთში ვენახები დააზიანა

მეხუზლამ აღნიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო შტაბის მოვალეობაში შედის რთვლის ორგანიზება იმ საწარმოებში, სადაც სახელმწიფო ყურძენს იბარებს.

„ერთადერთი, რითიც მთავრობა ჩაერია, ეს არის მინიმალური ზღვარი, რაც სუბსიდირების შედეგად დადგინდა – 80 თეთრი მინიმალური ფასი, რომლის ქვევითაც ყურძნის ფასი ვერ ჩამოვიდოდა. დანარჩენს არეგულირებს თავისუფალი ბაზარი... თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ვიღაც სადღაც კაბინეტში ადგენს ფასებს, ეს არის სრული სისულელე“, – განაცხადა მეხუზლამ „პირველი არხის“ ეთერში.

აქციის მონაწილეებმა ლაგოდეხი–ყვარლის საავტომობილო გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის ნება არ მისცა. ფერმერების თქმით, ქარხნები მათ ყურძენს შაქრის დაბალი შემცველობის გამო არ იბარებენ, ამ დროს კი ყურძენი ვაზზე ხმება და წონას კარგავს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 1,5 ლარი კილოგრამზე, რომელსაც მეწარმეები იხდიან, მათთვის მიუღებელია. ჭიკაანის მცხოვრებლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებენ.

რთველი 2020

კახეთში რთველი წელს 22 აგვისტოს დაიწყო. მევენახეები ყოველდღიურად დაახლოებით 10 ათას ტონა ყურძენს აბარებენ.

სალომე ზურაბიშვილის რთველი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა წლევანდელ რთველში თავისი წვლილი შეიტანა

17 სექტემბერის მონაცემებით, უკვე დაკრეფილია 65,4 მლნ ლარის ღირებულების დაახლოებით 67,3 ათასი ტონა ყურძენი.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

ყველა ახალი ამბავი
0