06:00 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
31720

„საქსტატის“  წინასწარი შეფასებით, ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი კი მინუს 5.8%-ია.

როგორ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი ვითარება და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში, ამაზე „Sputnik-საქართველოსთან“ ეკონომისტი ნიკა შენგელია საუბრობს.

ნიკა შენგელია
ნიკა შენგელია

- თქვენი პროგნოზით, როგორი იქნება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის და როგორ აისახება ეს მოსახლეობის ჯიბეზე?

- ამჟამინდელი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის საქართველოს ეკონომიკაში, სავარაუდოდ, 5-7-პროცენტიანი კლება გვექნება, შესაბამისად, ამდენით ნაკლები იქნება თითოეული ოჯახის შემოსავალიც. რაც, თავის მხრივ, გავლენას ჩვენი ცხოვრების დონეზეც იქონიებს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სექტემბრის ბოლოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც საბანკო ვალდებულებები კორონავირუსის პანდემიის მიზეზით სამსახურის დაკარგვის გამო გადაუვადდა, საშეღავათო პერიოდის ვადა ეწურება. ვალების მომსახურების განახლება კი სერიოზულად იმოქმედებს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.

- არის თუ არა მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა ?

- ინფლაციის საგრძნობ მატებას ძირითადად ველოდებით ოქტომბრის ბოლოდან, რადგან ამ პერიოდიდან ისევ ფასების ზრდაა მოსალოდნელი პროდუქტებსა და მომსახურებაზე. ვინაიდან ადგილობრივი აგრარული პროდუქცია ამ დროისთვის უკვე გამოილევა, ისევ დამოკიდებული გავხდებით იმპორტირებულ პროდუქციაზე, რადგან სასურსათო კალათში შემავალი საკვების დაახლოებით 80%-ის შემოტანა მოგვიწევს.

- ლარის კურსთან დაკავშირებით როგორი იქნება თქვენი პროგნოზი?

- როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკში სავალუტო რეზერვების სახით ცუდი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. რეგულატორი აქტიურადაა ჩართული სავალუტო ბაზარზე და ჩარევებს ოპერატიულად აკეთებს. ორი დღის წინ ეროვნულმა ბანკმა კვლავ გაყიდა 40 მილიონი დოლარი, რათა დაეცვა ლარის კურსი გაუფასურებისაგან. თუ ასეთი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, საახალწლოდ ლარის კურსის რაიმე მნიშვნელოვან გაუფასურებას არ ველოდები, თუმცა ნოემბრის თვიდან რყევები იქნება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საქართველოს ეროვნულ ბანკს 3,20-3,25-ის ფარგებში ლარის კურსის შენარჩუნება არ გაუჭირდება.

- მთავრობის მიერ ეკონომიკის გარკვეული სექტორების სუბსიდირება რა შედეგენს მოიტანს? მხედველობაში მაქვს, მაგალითად, ყურძნის გარკვეული ჯიშების და ახალაშენებული ან მშენებარე ბინების იპოთეკური კრედიტით შეძენის შემთხვევაში მთავრობის მხრიდან მოქალაქეებისთვის 4 პროცენტის დაფარვა 5 წლის მანძილზე...

- მთავრობის მხრიდან ნებისმიერი პროდუქტის რეალიზაციის სუბსიდირება ურიგო ნამდვილად არ იქნება, პირიქით, ეს წაადგება ეკონომიკასაც და თავად მოსახლეობასაც. მით უმეტეს, რომ სექტემბრის ბოლოდან ზოგადად ბაზარზე მოთხოვნა ბევრ რამეზე შემცირდება, რადგან ადამიანებს სულ უფრო ნაკლები თანხა ექნებათ პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად.

რაც შეეხება ახალაშენებული ან მშენებარე ბინების იპოთეკური კრედიტით ყიდვის შემთხვევაში მთავრობის მხრიდან 4 პროცენტის დაფარვას 5 წლის მანძილზე, ჩემი აზრით, ერთი მხრივ, არ არის ეს სამართლიანი. დღეს ბინას ყიდულობს ის, ვისაც აქვს ფული, ანუ მაღალი ხელფასი და დანაზოგი. რატომ უნდა იფარებოდეს ბიუჯეტიდან სესხის პროცენტი იმათთვის, ვისაც საშუალება ისედაც აქვს?! უმჯობესი იქნებოდა ეს თანხა სოციალური დახმარებების პაკეტებს მოხმარებოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, მთავრობამ ამ ნაბიჯით წაახალისა არა მხოლოდ მოსახლეობის შედარებით შეძლებული ფენა, არამედ დეველოპერები და საბანკო სექტორი. გაყიდვების მოცულობები გაიზარდა არა მხოლოდ ბინებზე, არამედ საშენ მასალებზეც. გარდა ამისა, შეჩერდა ახალაშენებულ და მშენებარე ბინებზე ფასების კლება და ზოგ შემთხვევებში გაიზარდა კიდეც.

 

ნატა პატარაია

 

მთავარი თემები