როგორია COVID-19-ის გავლენა ეკონომიკაზე? ანუ რეალობა და პერსპექტივა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთი ისტორიული რაიონი
თბილისის ერთ-ერთი ისტორიული რაიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 22%-ით გაუფასურებული ლარი, მზარდი ინფლაცია, ფასების კატასტროფულად ზრდა, დაკარგული სამუშაო ადგილები, გაჩერებული ტურისტული ინდუსტრია, უცხოეთიდან შემცირებული ფულადი გზავნილები და ა.შ. ეკონომიკური სტაგნაცია ციფრებში და მომავლის პროგნოზი...

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიას ერთი, უკვე ძალზე ბანალური ჭეშმარიტების შეხსენებით დავიწყებ – კორონავირუსი არსად წასულა, ის აქ არის, ჩვენს გვერდით. დარწმუნებული ვარ, მკითხველს არც მომდევნო ფრაზა გააკვირვებს: უნდა ვისწავლოთ COVID-19-თან თანაცხოვრება, უნდა შევეგუოთ ამ მოცემულობას! სიტყვათა ეს წყობა დღეს ჩვენი დროების მთავარი მოწოდებაა.

მერე რა, რომ არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს უხილავ მტერთან თანაცხოვრება. ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. სავარაუდოდ, დროა, ბოლომდე გავაცნობიეროთ და, გვინდა თუ არ გვინდა, შევეგუოთ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკი ჩვენს ისედაც „გალაღებულ“ ცხოვრებას უმძიმეს დაღს დაასვამს. ყველაფერი სწორედ ამაზე მეტყველებს.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 22 პროცენტით გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, მზარდი ინფლაცია, ფასების კატასტროფულად ზრდა სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებზე, დაკარგული სამუშაო ადგილები, გაჩერებული ტურისტული ინდუსტრია, უცხოეთიდან შემცირებული ფულადი გზავნილები და ა.შ. ერთი სიტყვით, ეკონომიკური სტაგნაცია.

ბანკი - Sputnik საქართველო
რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი? დეპოზიტი − ლარში, დოლარში თუ ევროში?

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 5.4 პროცენტით შემცირდა. კლების ტენდენცია კი უკლებლივ ყველა სექტორში გამოვლინდა. ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მძიმე რეალობას ასახავს „თიბისი კაპიტალის“ მორიგი კვლევაც, რომელიც ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენას აფასებს. კვლევაში მოცემულია მიმდინარე მდგომარეობის, ძირითადი მაკროპარამეტრების დინამიკის ანალიზი და უახლოესი მომავლის პროგნოზი. თანმიმდევრულად მივყვეთ.

„თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსთა მონაცემებით, შეზღუდვების ეტაპობრივად შერბილების შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით ხარჯვაში ზრდა დაფიქსირდა. ამავე დროს საგრძნობლად შემცირდა ხელფასებზე გაცემული თანხის მოცულობა. საქართველოში 2020 წლის მაისში, თებერვალი-მარტის პერიოდთან შედარებით, 91 ათასით ნაკლებმა მოქალაქემ აიღო ხელფასი, აპრილთან შედარებით ხელფასის ამღებთა რაოდენობა 11.7 ათასით შემცირდა. პროცენტულად ხელფასის მიმღებთა ყველაზე მკვეთრი შემცირება რესტორნების, სასტუმროების და კვების ინდუსტრიაში შეინიშნება. რაოდენობრივად კი ხელფასის გაცემა ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში შემცირდა. დიდია ნეგატიური ეფექტი უძრავი ქონების, გართობა/ხელოვნების, მშენებლობის, პროფესული და სხვა მომსახურების სფეროებში. უნდა აღინიშნოს, რომ კლება მეტწილად ხელფასის დაბალ (<1200 ლარი) და საშუალო კატეგორიებში (1200–2400 ლარი) შეინიშნებოდა, შესაბამისად, 48 ათასი და 24 ათასი ადამიანით.

მაღაზია თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
როგორ გაიზარდა ფასები და შემცირდა ეკონომიკა - კორონაეკონომიკის შედეგები

საანგარიშო პერიოდში, მაისის თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა საშემოსავლო გადასახადიდან 234.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 39.9 მილიონი ლარით, ანუ 14.6 პროცენტით ნაკლებია. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადების სახით ბიუჯეტში შესული თანხის კლება ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის შემცირებაზე მიანიშნებს. კონკრეტულად კი ეს კლება გაცემული ხელფასების თითქმის 200 მილიონი ლარით შემცირებაზე მეტყველებს. გავკადნიერდები და მკითხველის ყურადღებას ერთ გარემოებას მივაპყრობ: ხელფასების მკვეთრი შემცირების მთავარი არგუმენტია საშემოსავლო გადასახადების კლების დინამიკა. კვლევაში არსად ჩანს, გათვალისწინებულია თუ არა სამთავრობო პროგრამის ის დებულება, რომლის თანახმადაც, ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი სახელმწიფო სუბსიდიას იღებს. შეგახსენებთ, 750 ლარის ოდენობის ხელფასი ნახევარი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან სრულიად თავისუფლდება, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში დამსაქმებელი 750 ლარის ოდენობაზე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, რაც ამ მოცულობის თანხაზე 150 ლარს შეადგენს. ეს ისე, რეპლიკის სახით, თორემ საკამათო არ არის, რომ განსაკუთრებით კერძო სექტორში დასაქმებულთა საკმაოდ დიდ ნაწილს შემოსავალი შეუმცირდა. ბევრმა დასაქმებულმა სამსახური და, შესაბამისად, შემოსავალიც დაკარგა, რასაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაც ადასტურებს. ამ უწყების ცნობით, 1 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 165 626 პირი დარეგისტრირდა. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია – სულ 31.364 მილიონი ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. გადარიცხული თანხა 25.033 მილიონ ლარს შეადგენს.

სავალუტო კურსი - Sputnik საქართველო
COVID-19-ით ინფიცირებული ლარი და მძიმე პაციენტის პერსპექტივა

კვლევის შედეგებს დავუბრუნდეთ... როგორია პროგნოზი? კვლევის თანახმად, 2020 წელს ეკონომიკის კვლავ 4.5-5.5 პროცენტიანი კლებაა ნავარაუდევი. გაუარესებულია მიმდინარე წლის ტურისტული შემოდინებების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებელიც. თუმცა გაუმჯობესებულია საგარეო ვაჭრობის და გზავნილების მოლოდინი. „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, ლარის მკვეთრი გაუფასურება ნაკლებად არის სავარაუდო. წლის ბოლოსთვის ეროვნული ვალუტა 3.0 ნიშნულზე დასტაბილურდება. ამავე პერიოდისთვის მოსალოდნელია ინფლაციის 5 პროცენტიდან 4.5 პროცენტამდე შემცირება. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 7.75 პროცენტამდე დაიკლებს. რამდენად გამართლდება „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსთა ეს პროგნოზი – დრო გვიჩვენებს...

ამასობაში საქართველოს ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის შესარბილებლად მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისათვის“ დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ეს თანხა მთავრობას COVID-19-ის პანდემიის ზემოქმედებით გამოწვეული მოულოდნელი ფინანსური დეფიციტის შევსებაში დაეხმარება.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი: „რთულ პერიოდში ჩვენ, როგორც ძლიერი პარტნიორი, გვერდში ვუდგავართ საქართველოს და მხარს ვუჭერთ მთავრობის მიერ განხორციელებულ სწრაფ და ეფექტურ ანტიკრიზისულ ზომებს, რომელთა მიზანიც არის − ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, მათი საარსებო საშუალებების დაცვა, COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება და ეკონომიკური რეფორმების მძლავრი ტენდენციის შენარჩუნება“. 

დახურული კაფეები და რესტორნები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
არშემდგარი „ეკონომიკური აპოკალიფსი“ და გამარტივებული თამაშის წესები

ქვეყნის პირველი ფინანსისტის შეფასებით, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დამატებითი ფინანსური სახსრები კრიტიკულად დროული და აუცილებელი დახმარებაა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი: „მაშინ, როდესაც საქართველოს მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ვირუსის გავრცელება წარმატებით შეაკავა, ქვეყანას, სხვა ბევრი სახელმწიფოს მსგავსად, ფისკალური და ეკონომიკური ხარჯების გაღება მოუწია. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის კონკრეტულად COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული. ხოლო საერთო მიზანი რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდას უზრუნველყოფს... ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, უფრო კონკურენტული ბაზრების ხელშეწყობაზე, ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე, მასწავლებლის მუშაობისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე“.

რამდენად ეფექტურად შეძლებს მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ამ და სხვა დახმარებისა თუ საკრედიტო რესურსის გამოყენებას, ამას დრო გვიჩვენებს. დარწმუნებული ვარ, მკითხველი იმაშიც დამეთანხმება, რომ პასუხი ამ კითხვაზე დიდწილად განსაზღვრავს სახელისუფლებო გუნდის რეიტინგსა და, შესაბამისად, ელექტორალურ მხარდაჭერას...  

 

ყველა ახალი ამბავი
0