თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. გურიაში 2020 წელს 225 ჰექტარ ფართობზე 250 ტონა მოცვს მოიყვანენ, განაცხადა გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ.
სოფლის მეურნეობის განვითარება სულ უფრო აქტუალური და პრიორიტეტული ხდება საქართველოს მთავრობისთვის. ბოლო დროს დიდი ყურადღება ექცევა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.
მისი თქმით, რეგიონი ერთ-ერთი მოწინავეა კენკროვანი კულტურების წარმოების თვალსაზრისით. მოცვის დარგვა რამდენიმე ათეულ ჰექტარზე მიმდინარეობს.
ზურაბ ნასარაიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან სოლომონ პავლიაშვილთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში შპს „ბლუბერის” ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.
აქ მოცვი, მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 16 ჰექტარზეა გაშენებული. კომპანია 2016 წლიდან მონაწილეობს სოფლის მეურნეობის პროგრამებში „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აგროწარმოების დახმარება“.
კომპანიამ ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო. აქედან 96,6 ათასი ნერგებზე დაიხარჯა. მიმდინარე წელს 80 ტონა მოსავალს პროგნოზირებენ. მოცვის აღების პერიოდში კომპანია 150 ადგილობრივ მოსახლეს ასაქმებს.
საქართველოში ნაწარმოები მოცვის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე გადის, რაც კიდევ უფრო ამაღლებს ამ კულტურით დაინტერესებას.