17:10 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1091 0 0

ეკონომიკა ციფრებში... რაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკა... რამდენით შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი და როგორია ფასების დინამიკა?

სამსონ ხონელი

ეკონომიკა მცირდება, ფასები იზრდება, ეროვნული ვალუტა უფასურდება! ასეთია ის რეალობა, რომელიც ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელებით შეიქმნა... არახალია, - ბრძანებს მკითხველი, თუმცა შესაძლოა მეტი კონკრეტიკით დაინტერესდეს, ჩამეძიოს, მაინც რამდენით? რა გაეწყობა, ვეცდები კითხვას მაქსიმალური სიზუსტით ვუპასუხო და საამისოდ სხვადასხვა სტრუქტირათა მონაცემებს მოვიშველიებ...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6 პროცენტია. საგულისხმოა, რომ შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა.

„შემცირება განსაკუთრებით დაეტყო მშენებლობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებს. ამასთან ერთად, აპრილის თვეში საქონლის ექსპორტი 28 პროცენტით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 39 პროცენტით შემცირდა. კლება დაფიქსირდა საწარმოთა რეგისტრაციის კუთხითაც. საანგარიშო პერიოდში 307 საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებელს 93 პროცენტით ჩამორჩება...“, აცხადებს „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

არავინ იფიქროს, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის უარყოფითი გავლენის ეფექტი სულ ეს არის... ეროვნული ბანკის ცნობით, საზღვრების დახურვის შედეგად, ქვეყანა შემოსავლებს კარგავს ტურიზმიდან. კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, პანდემიის გამო, მხოლოდ აპრილში ქვეყანას ტურიზმიდან შემოსავლები 97 პროცენტით შეუმცირდა. აქვე შეგახსენებთ, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნას 1 ივლისს გეგმავს, ხოლო 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გახდება დასაშვები.    

ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში აპრილში შემოსული ფულადი გზავნილებიც დააჯამა და გაირკვა, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება 42.3 პროცენტია. ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები რუსეთიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან შემცირდა. მთელი წლის განმავლობაში დანაკარგი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული ათასი დოლარი იქნება. არადა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში ხომ 24-ე ადგილზეა?! ქვეყნის ეკონომიკის 11.6 პროცენტს კი სწორედ საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აკმაყოფილებს.

ერთი სიტყვით, კორონაეკონომიკის პირობებში პრაქტიკულად გაუარესდა ყველა ის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსს აყალიბებს და სიმყარეს განსაზღვრავს. შედეგად, მიმდინარე წლის იანვრის მესამე დეკადიდან მოყოლებული ლარმა პოზიციები დათმო და მარტის თვეში რეკორდულად, 22 პროცენტით გაუფასურდა...   

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებებით, ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ძლიერი შოკი მოსალოდნელი იყო. მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული სამთვიანი შეზღუდვების ლოგიკური შედეგია და ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო. საქართველო გამონაკლისი არ არის, მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ეკონომიკური რეცესიაა და ეს პროცესი ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე აისახება.

„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის. ახლა კი პრინციპულად მნიშვნელოვაია, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ვუპასუხოთ ამ შემცირებას...“, აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი და დასძენს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა პირველ რიგში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და მეგობარი ქვეყნებიდან მიღებული სესხებისა და ფულადი დახმარების ეფექტურ გამოყენებასა და ეკონომიკის სტიმულირებას გულისხმობს.

მოსახლეობისთვის მთავარი და დრამატული გამოწვევა ფასების კატასტროფული ზრდაა... ათეულობით პროცენტით გაძვირდა საკვები პროდუქტი, კერძოდ, რძის ნაწარმი, ხილი, შაქარი, ხორცი. საგრძნობლად მომატებულია პურის ფასიც... სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხილი 45 პროცენტით, რძე და რძის ნაწარმი 23 პროცენტით, ხორცპროდუქტები 15 პროცენტით, ხოლო პურპროდუქტები 8.4 პროცენტით გაძვირდა. აპრილის თვეში ფასებმა 5 პროცენტით მოიმატა ჯანდაცვის მიმართულებითაც. წლიური ინფლაციის დონემ კი 6.9 პროცენტი შეადგინა. ერთი სიტყვით, ცხოვრება საგრძნობლად გაძვირდა. სპეციალისტები ფასების ასეთ ზრდას პანდემიით გამოწვეული მიწოდების პრობლემებით, სავალუტო კურსის ცვლილებით, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებით და დეფიციტის მოლოდინით ხსნიან. ფასების მატება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება, განსაკუთრებით მცირეშემოსავლიან ნაწილს. არ უნდა დავივიწყოთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 19.5 პროცენტი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება...

კიდევ ერთი პრობლემური საკითხია საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნათა დარღვევისთვის ცხრა ათასამდე მოქალაქისათვის გამოწერილი ჯარიმები და საურავები... შეგახსენებთ, რომ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი, იურიდიული პირი კი 15 ათასი ლარით ჯარიმდებოდა... საგანგებო მდგომარეობის დროს.

ჩამოიწერება თუ არა ჯარიმები? შესაბამისი ინიციატივა მმართველი გუნდის ოპონენტებს ეკუთვნით. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ახლა ჯარიმების ჩამოწერა იმის მანიშნებელი იქნება, რომ მომავალში მსგავსი პრევენციული ღონისძიება აღარ იმოქმედებს.

„არ დაგვავიწყდეს, პანდემია გრძელდება და არავინ იცის, შემზღუდავი ღონისძიებების მიღება როდის და რა დროით მოგვიწევს. ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებისკენ. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა არ იმუშავებს. ეს საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას ვერ მივცემთ პარლამენტს...“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა ჯარიმების შემსუბუქების საკითხს უკვე განიხილავს და უახლოეს დღეებში საბოლოო გადაწყვეტილებას შევიტყობთ...

ეკონომიკას დავუბრუნდეთ... რა იქნება ხვალ? საზოგადოებაში არის მცირე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ გამოჩენილი სიფრთხილე და ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები იყო და არის გადამეტებული, რომ ვირუსის შიშით ჩვენ „მოვკალით ეკონომიკა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავაგდეთ მომავალი“... გავბედავ და ვიტყვი, ეს მცდარი აზრია... ეკონომიკურად.

მოლოდინების თვალსაზრისით, არჩეული პოლიტიკა გამართლებულია – როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ვირუსთან ბრძოლაში თავს გრძნობს დაცულად, როდესაც ხვდება, რომ მთავრობა აკონტროლებს სიტუაციას და მაქსიმალურად ეფექტიანად მუშაობს და თან ისე, რომ არ დგამს ზედმეტად მკაცრ ნაბიჯებს, მისი მოქმედებები უფრო რაციონალურია, რამდენადაც ეს შესაძლებელია ასეთ სიტუაციაში, შესაბამისად, მომავალიც განჭვრეტადია და ეს არის მთავარი.

 

მთავარი თემები