22:24 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (190)
113 0 0

ახალი მეთოდოლოგიით, ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის მუშაობს, თვითდასაქმებულებიდან ამოიშლება, ეს კი უმუშევრობის დონეს ავტომატურად გაზრდის

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკა „თვითდასაქმებულის“ დეფინიციის ცვლილების ხარჯზე შეიცვლება, განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სამსახურის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას.

პრემიერმა უმუშევრობის კომპენსაციის დროულად გაცემის ბრძანება გასცა >>

დღეს ყველა დასაქმებულ მოქალაქეს „საქსტატი“ ყოფს დაქირავებულებად და თვითდასაქმებულებად. ამჟამად ყველა დასაქმებულს ყოფენ დაქირავებულებად და თვითდასაქმებულებად. თვითდასაქმებულად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოჯახურ საწარმოში უანგაროდ მუშაობს, ან მესაკუთრეა, რომელიც გარკვეული პერიოდი მოგების მიღებისთვის მუშაობს.

„თვითდასაქმებულთა კატეგორია, რომელიც პროდუქციას აწარმოებს უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის, ახლებური სტანდარტით აღარ ჩაითვლება თვითდასაქმებულად და დასაქმებულად. შესაბამისად, ეს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკაში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს“, - აღნიშნა თოდრაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვრიდან დათვლა მიმდინარეობს ერთდროულად ძველი და ახალი მეთოდოლოგიით.

„ძველი კვლევების პარალელურად, იანვრიდან ჩვენ დავიწყეთ მონაცემების შეგროვება ახალი კითხვარით. მიმდინარე კვლევა გაგრძელდება პირველი ორი კვარტალის განმავლობაში და ამ ორი კვარტალის მონაცემები შესაძლებლობას მოგვცემს, გადავიდეთ ახალ სტანდარტზე მიმდინარე წლის ბოლოდან“, - განმარტა თოდრაძემ.

ამიერიდან თვითდასაქმებულების შესახებ მონაცემები ახალი მეთოდით დაითვლება. თუ ადრე თვითდასაქმებულად მიიჩნეოდა საკუთარ მიწაზე მომუშავე ნებისმიერი ადამიანი, აწარმოებდა ის პროდუქციას თავისთვის თუ ბაზარზე გასაყიდად, ახალი მეთოდოლოგიით, ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობს, თვითდასაქმებულებიდან ამოიშლება.

საქართველოში უმუშევრობის დონეს ამჟამად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობების თანაფარდობის საფუძველზე ითვლიან.

ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა, უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.

„საქსტატის“ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 11,1% შეადგინა - ოფიციალურად უმუშევრად 221 ათასი ადამიანი მიიჩნეოდა.

ექსპერტები ახალ სისტემას მიესალმებიან და ირწმუნებიან, რომ უფრო ნათლად გამოკვეთს სურათს, თუმცა აქვე დასძენენ, რომ დათვლის მეთოდის შეცვლის შემდეგ უმუშევრობის დონე ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (190)

მთავარი თემები