01:56 31 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (82)
79 0 0

როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნავენ, TEPCO მსხვილი იაპონური ენერგოკორპორაციაა 100-წლიანი ისტორიით.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მსხვილმა იაპონურმა ენერგოკორპორაციამ Tokyo Electric Power Co (TEPCO) დარიალის ჰესის აქციების 31,4% შეისყიდა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ჰიდროელექტროსადგური ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე მდებარეობს. იგი 2011 წელს აშენდა. მისი დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატს შეადგენს, ხოლო ყოველწლიური გამომუშავება — 510 მილიონ კილოვატ/საათს. 

„ეს ძალზე დიდი ნაბიჯია სხვა იაპონური ინვესტიციების მოსაზიდად. როდესაც ასეთი გიგანტური კომპანია მუშაობს ქვეყანაში, ეს იაპონელ ინვესტორებს იმის დამატებით გარანტიებს აძლევს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ქვეყანა საიმედო და უსაფრთხოა“, – განაცხადა სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

საქართველოში იაპონური კომპანიის მოზიდვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლების მრავალწლიანი მუშაობის შედეგია.

ვიეტნამის შემდეგ, ეს იაპონიის საზღვრებს გარეთ ენერგეტიკის სექტორში კომპანიის რიგით მეორე ინვესტიციაა.

კომპანია საქართველოში მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისა და მენეჯერების გუნდის გამოგზავნას და ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტურობის გაზრდას.

„დარიალი ჰესის“ მშენებლობაში ინვესტიციები ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით (EBRD) განახორციელეს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მლნ აშშ დოლარია. პროექტში ჩართული იყო ასევე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის საქმიანი მონაწილეობა 23%-ს შეადგენს.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნავენ, TEPCO მსხვილი იაპონური ენერგოკორპორაციაა 100-წლიანი ისტორიით. კომპანიის მფლობელობაში არსებული ენერგოსადგურების ჯამური წლიური გამომუშავება შეადგენს 220 მილიარდ კვტ/სთ-ს, რაც 17-ჯერ აღემატება საქართველოში წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. კორპორაციის ფილიალები მდებარეობს ვაშინგტონში, კოლუმბიასა და ლონდონში.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (82)

მთავარი თემები